Nothing Easy!

ზაზა ფაჩულიაზე საუბარს, ალბათ, მისი სპორტული კარიერით უნდა ვიწყებდე. სხვა თუ არაფერი, ის პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდა. ეს ადამიანი უკავშირდება იმედს, რომელიც წლების წინ გაღვივდა და წელს, სწორედ ამ გამარჯვებით დაგვირგვინდა. ზაზას ჯილდოებით და დამსახურებებით ხშირად ვამაყობთ. მისი სახელი და გვარი დიდ წარმატებასთან ასოცირდება. ზაზა ფაჩულიას სახელის გაგონებისას, ეროვნული თვითშეფასება გვიმაღლდება, თავს ვიწონებთ და გვიხარია, რომ ქართველია. თუმცა, ამ სტატიაში მის ბიზნეს საქმიანობაზე ვისაუბრებთ. ზაზა Snap Fitness-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ეს არის ფიტნეს კლუბების საერთაშორისო ბრენდი, რომელიც საქართველოში 2 წლის წინ შემოვიდა. ამბობს, რომ ის დიდი შრომის და მონდომების შედეგია. ამერიკაში ცხოვრების და სპორტული კარიერის პარალელურად, ბიზნეს საქმიანობის წარმატებით მართვასაც ახერხებს.

„იყო იდეა, სურვილი, მიზანდასახული გუნდი და ჯანსაღი საქმე, ასევე — არაერთი გათენებული ღამე და შრომა. შედეგი Snap Fitness-ია, 1800-მდე სტაბილური მომხმარებლით, უამრავი დადებითად შეცვლილი ცხოვრებით, 70 საუკეთესო თანამშრომლით.

ბანალური ფრაზის გამოყენება მიწევს — „შეუძლებელი არაფერია“. მთავარია, გადაანაწილო დრო და იქ, სადაც შენი ჩართულობა მინიმალური ან თითქმის შეუძლებელია, სწორ ადამიანებზე გააკეთო არჩევანი.“

ამბობს, რომ მისთვის და მისი პარტნიორებისთვის Snap Fitness-ი ბიზნესზე მეტია. ისინი საქართველოში სწორი ცხოვრების წესის დანერგვას უწყობენ ხელს და სჯერათ, რომ ჯანსაღი საზოგადოება ქვეყნის სიძლიერეა. ეს კი საქმის ძალიან კარგად კეთების მთავარი მოტივაციაა.

„პარტნიორები მარწმუნებენ, რომ ჩემი სპორტული კარიერა დადებითად მოქმედებს ამ საქმიანობაზე.მეორე მხრივ, ჩვენი გუნდის მიმართ საკმაოდ დიდი მოლოდინია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება. ამიტომ, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, უამრავ აზრს ვისმენთ და მხოლოდ შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას.

მე და ჩემს გუნდს ბიზნესში ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი. თავის დასამკვიდრებლად უნდა ვიმუშაოთ. არ გვეშინია შეცდომების დაშვების. ვიცით, რომ ხვალ სწორედ ეს იქნება ჩვენი უპირატესობა.

მსოფლიოში ნიჭიერი სპორტსმენების წარმატებული ბიზნეს საქმიანობის უამრავი მაგალითია. ფიქრობს, რომ ბიზნესიც ერთგვარი სპორტია და ამ საკითხზე საინტერესო შეხედულებები აქვს.

„სამწუხაროდ, სპორტის ყველა სახეობა არ არის მაღალშემოსავლიანი. ბევრ მათგანში განსაკუთრებული მონაცემების მქონე ადამიანები მოღვაწეობენ, თუმცა დაბალი ანაზღაურება აქვთ. ნიჭიერი სპორტსმენი, ავტომატურად, მაღალშემოსავალიანს არ ნიშნავს.

რაც შეეხება სპორტსმენების ბიზნეს კუთხით განვითარებას, მრავალი საინტერესო და წარმატებული მაგალითი შეიძლება მოვიყვანო. მეც მინდოდა გამომეცადა თავი ბიზნესში და სხვა „სპორტით“ დავკავებულიყავი. ვფიქრობ, რომ ამ ორ სფეროს შორის ძალიან ბევრი საერთოა. ვისაც უოცნებია საკუთარი საქმის წამოწყებაზე, აქვს იდეა და ხედვა, ვურჩევ გამოსცადოს თავი.

დღეს სპორტი და ბიზნესი განუყოფელია. მაგალითისთვის კი, შორს არ წავალ და გეტყვით, რომ NBA ერთ-ერთია, სადაც ეს საქმიანობები ძალიან წარმატებით არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე.“