თბილისის არქიტექტურის ბიენალე – მხოლოდ შენობები არ კმარა

თბილისის არქიტექტურის ბიენალე ერთდროულად რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. 

26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე დამთვალიერებლებს ექნებათ საშუალება იხილონ საინტერესო გამოფენები, ინსტალაციები, სიმპოზიუმი, ვიდეო ხელოვნება და სხვა. ბიენალეს ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება სტუდენტური ნამუშევრები.

"1991 წელს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018 პირველი საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალია, რომელიც საქართველოში ჩატარდება. 2018 წელს ბიენალე სახელწოდებით “მხოლოდ შენობები არ კმარა” ქალაქის ცვალებადი პროცესების და საცხოვრებელი უბნების არაფორმალურ ურბანულ და სოციალურ სივრცეებს შეისწავლის. 

თბილისის არქიტექტურის ბიენალე მასპინძლობს წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს და ხელოვანებს როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 

ბიენალეს პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა გამოფენებს, სიმპოზიუმს და არქიტექტურულ ინსტალაციებს. 

➖ სიმპოზიუმი
ორდღიანი სიმპოზიუმი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება იქნება და ფოკუსირდება ბიენალეს მთავარ თემაზე: “მხოლოდ შენობები არ კმარა” 

➖Indoor გამოფენა 
კაგებეს ყოფილი შენობაში დაგეგმილი გამოფენა პირობითად ორ ნაწილად იყოფა და აერთიანებს როგორც ქართველი და უცხოელი ხელოვანების, ასევე მკვლევარების ნამუშევრებს. 

➖ გარე გამოფენა 
ღია ცის ქვეშ მოწყობილი არქიტექტურული ინსტალაციების ერთი ნაწილის ავტორები მოწვეული ხელოვანები არიან, ნაწილი კი ღია კონკურსის წესით შეირჩა.
თოთხმეტი ნამუშევარი გლდანის ტერიტორიაზეა გაშლილი, ოთხი პროექტი კი
ბიენალეს თანმხლები ღონისძიებების პროგრამით თბილისის სხვადასხვა უბნებშია
გადანაწილებული.

➖ 76-ე კორპუსი
ცხრა სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ბიენალეში ჩართული ხელოვანები გამოიყენებენ როგორც საგამოფენო სივრცეს. საკუთარი ბინების საზოგადოებისთვის გახსნით სამეზობლო ჩაერთვება მთელ მიმდინარე მოვლენაში. 

➖ ფილმი და ვიდეო
საცურაო აუზის დაუსრულებელი შენობა მაცხოვრებლებმა აქციეს თვითნაკეთ საცხოვრებელ ერთეულებად. ეს საინტერესო სახეცვლილი სივრცე კინო ჩვენებებს უმასპინძლებს. 

➖ ფოტო გამოფენა 
ე.წ. დეკადეს ხიდის შენობა გლდანში უბნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. პონტე ვეკიოს მიერ შთაგონებულ არქიტექტორს, თეიმურაზ ბოჭორიშვილს სურდა შეექმნა მულტიფუნქციური საფეხმავლო ხიდი, რომელიც მიკრორაიონების ორ ნაწილს დააკავშირებდა. ხიდის არქიტექტურა ძალიან საინტერესო გარემოცვას იძლევა ფოტო გამოფენისთვის.

➖ DIY გარაჟები – სტუდენტების ვორქშოპის გამოფენა
გამოფენა განიხილავს „გარაჟს როგორც პოტენციურ საჯარო სივრცეს,“ აჩვენებს გლდანის, საბურთალოს და ვარკეთილის სამეზობლოების ხელნაკეთი არაფრორმალური გარაჟების ადაპტაციის და ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს.

➖ ალტერნატიური ტური
გლდანის ალტერნატიული ტური ფოკუსირდება გლდანში არსებული კონკრეტული ადგილების ისტორიასა და მათ ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
ის განხორციელდება ბიენალეს პარტნიორთან, GEoAIR-თან ერთად."

 

სხვა დამატებით ინფორმაციას მათ ოფიციალურ გვერდზე გაეცნობით:

Home Page