ღია სივრცე – ,,შიმშილის ღმერთი”

ღია სივრცე წარმოგიდგენთ დავით ხორბალაძისა და მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლს – ,,შიმშილის ღმერთი". 

სპექტაკლის პრემიერა დღეს, 25 ნოემბერს, 20:00 საათზეა დაგეგმილი. 

კოსტიუმების მხატვარია ანა გურგენიძე.

სპექტაკლში სრულდება ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები.

მონაწილეობენ: ნუცა გუჩაშვილი, გვანცა ენუქიძე, ნინი იაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, თემო რეხვიაშვილი, ირაკლი სირბილაშვილი, თამთა ჩუმაშვილი.

სპექტაკლის შესახებ:

„შიმშილის ღმერთი“ "ღია სივრცის" თეატრალური ლაბორატორიის პირველი საერთო ნამუშევარია და ეხმიანება დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას-სიღარიბეს. სიღარიბე, როგორც სხვადასხვა სახის ძალადობისა და სრული უიმედობის სათავე. სიღარიბე, როგორც სირცხვილი და ადამიანის ღირსების შელახვა. სიღარიბე, როგორც უსასტიკესი ღმერთი, რომელიც ელიტების სასარგებლოდ უკიდეგანოდ განავრცობს თავის ძალაუფლებას დაბალ კლასზე. სპექტაკლი დამყარებულია დოკუმენტურ მასალაზე და მუსიკალური და დრამატული თეატრის შერწყმით წარმოგვიდგენს 9 მსახიობისა და 2 რეჟისორის კვლევის შედეგებს. გარდა დოკუმენტური მასალისა, სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს ძველი ბერძული მითი უფლისწული ერისიხთონის შესახებ, რომელიც ღმერთი დემეტრეს ქალაქში მუხის სასტიკად მოჭრისთვის სამუდამო შიმშილით დაისაჯა. ერისიხთონმა ყველაფერი გაყიდა შიმშილის დასაცხრობად, საკუთარი ქალიშვილის ჩათვლით, თუმცა რადგან ეს მაინც ვერ შეძლო, ბოლოს საკუთარი თავი შეიჭამა.