TBC მრავალფუნქციური კომპლექსი ,,თბილისის ბიზნეს ცენტრი”

თიბისი – ეს არის გუნდი, რომელმაც 26 წლის წინ, 11 კვადრატულ მეტრ სივრცეში, დაიწყო მუშაობა და დღეს 70 ათას კვადრატულ მეტრ საერთაშორისო დონის უნიკალურ ნაგებობას აშენებს.

„თბილისის ბიზნეს ცენტრი“ – ასე ერქმევა თიბისის ახალ უნიკალურ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის მშენებლობას ბანკის 26-ე დაბადების დღეზე, საზეიმოდ , ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სწორედ ამ, ეკოლოგიურად ჯანსაღ, გარემოში აშენდება სრულიად ახალი, ინოვაციური პროექტი 80/20 კონცეფციით, რაც ნიშნავს იმას რომ ტერიტორიის 20% მშენებლობისთვის გამოიყენება, 80% კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა. დედაქალაქის ურბანულ ელემენტებს ვენახების ბუნებრივი ლანდშაფტი შეცვლის და აღნიშნული გამწვანებული პარკი მუხრან მაჭავარიანის სახელობის იქნება. კომპლექსი ინოვაციურია ენერგოეფექტურობის მხრივაც, რადგან ის მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს.​

პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ UN STUDIO-ს წარმოადგენს. კომპანიამ საფუძვლიანად შეისწავლა თიბისის, როგორც ბრენდის, ღირებულებები და სტრატეგია. „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ არქიტექტორებმა თანამედროვე შენობის დიზაინის შექმნისას ქართული ტრადიციული
არქიტექტურის ელემენტები გამოიყენეს – ნაგებობა ისტორიული მთის სოფლის, შატილის 21-ე საუკუნის ტრანსფორმაცია იქნება.

საქართველოში პირველი მსგავსი ტიპის უნიკალური კომპლექსის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და აღნიშნულ სივრცეში განთავსდება:

  •  თიბისი ბანკის სათავო ოფისი, სადაც 2 ათასზე მეტი თანამშრომელი იმუშავებს;
  •  ინოვაციების ლაბორატორია, ადგილი სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სტარტაპების განვითარება, რაშინც ბანკი წლებია უკვე მათ ხელს უწყობს;
  •  კულტურული ჰაბი: რესტორნები, ფიტნეს კლუბები, საბავშვო სივრცეები, გალერეები და სხვ.