ანიტა რაჭველიშვილი Opera Awards-ზე

ანიტა რაჭველიშვილი Opera Awards-ზე წლის საუკეთესო სოლო ალბომის ნომინაციაზე წარადგინეს. 

ქართველი მეცო სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო სოლო ალბომი Anita 2018 წლის Opera Awards-ის საუკეთესო სოლო ალბომების ნომინაციაში მოხვდა. 

Opera Awards 2012 წელს დაარსდა და ის საოპერო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება. ნომინაციებში გამარჯვებულებს 2019 წლის 29 აპრილს, ლონდონში, ინგლისის ეროვნულ ოპერაში გამოაცხადებენ. ანიტა რაჭველიშვილი აღნიშნულ კონკურსზე 2017 წელსაც იყო წარდგენილი.

ანიტა რაჭველიშვილის პირველი ალბომი 2018 წლის გაზაფხულზე გამოვიდა. მასში სულ 12 სიმღერაა შესული, მათ შორისაა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა "ლეგენდა შოთა რუსთაველზე – თამარ მეფის არია".

"თამარ მეფე დღევანდელი ქართველი ქალის მაგალითია. მიხარია, რომ ეს სიმღერა ჩემს სადებიუტო ალბომშია, რადგან თავს ძლიერ და წარმატებულ ქალად მივიჩნევ. სხვა თუ არაფერი, ვცდილობ, რომ ვიყო" – ამბობდა ანიტა ალბომის დაანონსებისას.

 

წყარო: On.ge