Museum of Broken Relationships დღეიდან ქართულ ისტორიებს აგროვებს

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შემდეგ, ზაგრების „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ სამოგზაურო გამოფენის მონაწილე ქვეყანა საქართველოც ხდება. დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ 11 აპრილიდან 15 ივნისამდე ბეთლემის10-ში დაიდებს ბინას, ხოლო 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, მუზეუმი ბათუმშიც იმოგზაურებს.

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ წყვილმა: დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ თერაპიული პროექტის სახით შექმნეს. მათ ეს იდეა 2003 წელს გაუჩნდათ, სწორედ მაშინ, როდესაც 4 წლიანი ურთიერთობა დაშორებით დაასრულეს. პირველ ეტაპზე პირადი, წლების შემდეგ კი, მეგობრების ნივთებიც მოაგროვეს და 2006 წელს, პირველი გამოფენაც მოაწყვეს. 

გარდა იმ ექსპონატებისა, რომელსაც აღნიშნული მუზეუმი უკვე ინახავს, ბეთლემის #10 სამუზეუმო სივრცეში ქართული ისტორიებიც გამოიფინება. წესი ასეთია: მანამ, სანამ ნებისმიერ ახალ ქვეყანაში მუზეუმი სამოგზაურო გამოფენით გაიხსნება, თვე-ნახევრით ადრე, ამ ქვეყანაში „დამსხვრეული ურთიერთობების“ ისტორიების დონაცია იწყება.

ქართული ისტორიების შეგროვება დღეს, 14 თებერვალს – ვალენტინობას, დაიწყება და 20 მარტამდე გაგრძელდება. ადამიანი, ვისაც სურს, საკუთარ ისტორიას სამუზეუმო ექსპონატად ქცევისა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოგზაურობის შესაძლებლობა მისცეს, ვებგვერდზე განთავსებულ ფორმას ავსებს, ფოტოს უღებს იმ ნივთს, რომლის გამოფენაც სურს და მუზეუმის წარმომადგენლობაში აგზავნის (დონაციის გამოფენის შემთხვევაში, გამომგზავნის ანონიმურობა და კონფიდენციალურობა დაცულია).

მუზეუმი მოიცავს სამი ტიპის ნივთებს: მატერიალურს – ფოტოები, წერილები, მესიჯები (მითითებული შეხვედრის ადგილები), ვირტუალურს – სურათები და დოკუმენტები და ასევე, კონფესიურს (აღმსარებლური) – ხმოვანი ჩანაწერები და გზავნილები.

წყარო: www.marketer.ge