
8-20 მარტის ჩათვლით ლონდონში, Close-Up Cinema-ში, სერგო ფარაჯანოვის ოთხი სრული და სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარდგენილი (Shadows of Forgotten Ancestors, Kiev Frescoes, Hakob Hovnatanyan, The Colour of Pomegranates, Arabesques on the Pirosmani Theme, The Legend of Suram Fortress, Ashik Kerib).
აღნიშნული დროის განმავლობაში ჩვენების პარალელურად სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. აქედან ერთ-ერთი ვიზუალური ხელოვნების პროგრამა – ,,რემინისცენციაა". პროგრამა იმ ხელოვანებს აერთიანებს, ვინც დიდი რეჟისორის შემოქმედებას იხსენებენ. საქართველოში მოღვაწე ხელოვანების: მამუკა ჯაფარიძის, უტა ბექაიასა და იური მეჩითოვის ნამუშევრები ჩვენების პარალელურად იქნება გამოფენილი.
პროგრამის კურატორები არიან ქეთი ჯაფარიძე და ლიკა თარხან-მოურავი.
სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი და ხელოვანი სერგო ფარაჯანოვი (1924-1990) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ფიგურაა. საბჭოთა ეპოქაში ის უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოღვაწეობდა. მისი ფილმები აღნიშნული რეგიონების კულტურას, ტრადიციას, ფოლკლორისა და მითებს აშუქებს. ხელოვანის კომპლექსური ვიზუალური კომპოზიციები და თავისუფალი კინომატოგრაფიული ფორმები დღესაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
რასაკვირველია, 60-იანი წლების გამორჩეულ რეჟისორს საბჭოთა კავშირი უარყოფითად შეხვდა და მუდმივად ებრძოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით.
ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით.