ოკუპაციის კვირეული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

25 თებერვალს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ოკუპაციის კვირეული გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – პერსონები საარქივო დოკუმენტებიდან“. ის ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური არქივების საფუძველზეა მომზადებული. 

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტები, ემიგრანტული პრესა, მემორიალური საგნები და აუდიომასალა შერჩეულია ერთი ნიშნით: ექსპონატები ასახავს საქართველოს მთავრობის წევრებთან დაკავშირებულ მიმოწერას, ოფიციალურ დოკუმენტებს, ბიოგრაფიულ ცნობებსა თუ მათ პირად ნივთებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილა: მთავრობის ხელმძღვანელის, ნოე ჟორდანიას ავტოგრაფები და მასთან დაკავშირებული წერილები, ლევილის არქივი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის აუდიოჩანაწერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლოები: დროშა, გერბი, ფულის ერთეულები და მარკები.

ექსპოზიცია საგამოფენო დარბაზში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.