8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს ქალების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მიღწევებს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ იმ გოგონების შესახებ მოგვეყოლა, რომლემაც მცირე ასაკში მისცეს მსოფლიოს მაგალითი იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანის ძალისხმევით, სურვილითა და მონდომებით ხვალ შეგვიძლია გაცილებით უკეთეს სამყაროში ვიცხოვროთ.

რუბი ბრიჯისი
1960 წელს 6 წლის რუბი იყო პირველი ფერადკანიანი მოსწავლე, რომელიც ნიუ ორლეანსში, უილიამ ფრენცის დაწყებით სკოლაში ესწრებოდა გაკვეთილებს. პირველი კლასის მოსწავლე გახდა მიზეზი უამრავი საპროტესტო მოძრაობისა თუ აქციისა. მოქალაქეები გოგონას სკოლაში სიარულს აპროტესტებდნენ. საბოლოოდ, რუბი გახდა პატარა გოგონების, ფერადკანიანი სტუდენტებისა თუ სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების შთაგონების წყარო და იმედი. იმედი, რომ მომავალი უფრო ნათელი და ბევრი შესაძლებლობით აღსავსე იქნებოდა.
მალალა იუსაფზაი
გეცოდინებათ წიგნი "მე ვარ მალალა", რომელშიც ახალგაზრდა გოგონა საკუთარი განვლილი გზის შესახებ გვიამბობს. მალალა იუსაფზაი პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველია. ის 2012 წლის 9 ოქტომბერს, 15 წლის ასაკში ძლიერად დაჭრეს ტერორისტული მოძრაობის მებრძოლებმა. დღეს ის მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის. მალალა 17 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნობელის ლაურეატი.
ანა ფრანკი
ანა გერმანიაში დაბადებული ებრაელი გოგონაა, რომელიც ჰიტლერის რეჟიმის დროს ნიდერლანდებში, ამსტერდამში იმალებოდა ოჯახთან ერთად. ამ პერიოდში ანა დღიურს წერდა. დღიურის მეშვეობით მსოფლიომ შეიტყო, თუ რას გრძნობდა პატარა გოგონა ფაშისტური რეჟიმის დროს, რა გზის გავლა უწევდა მის ოჯახს და როგორი იყო ანას შეხედულება იმ სისასტიკეზე, რაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უდანაშაულო ადამიანებს დაატყდათ თავს.
ალექსანდრა სკოტი
ალექსანდრა ერთი წლისაც არ იყო, როდესაც ექიმებმა ნეირობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს. 4 წლის ასაკში კი, საკუთარ ეზოში სტენდი დადგა და ლიმონათის გაყიდვა დაიწყო. მიზანი ბავშვებში სიმსივნეთა კვლევისთვის თანხის მოგროვება იყო. მისი ისტორია მსოფლიოში ბევრისთვის აღმოჩნდა შთაგონების წყარო. ადამიანებმა საკუთარ ეზოებში დადგეს სტენდები, გამოიტანეს სახლში გაკეთებული ლიმონათები გასაყიდად და დაიწყეს თანხის შეგროვება კვლევებისთვის. ალექსანდრამ $1 შეგროვება მოახერხა.
მერი შელი
თუ გაინტერესებთ ვინ დაუდო დასაბამი სამეცნიერო ფანტასტიკას, შეგიძლიათ "ფრანკენშტეინი" გადაფურცლოთ. წიგნი, რომელიც ბრიტანელმა მწერალმა მერი შელიმ 18 წლის ასაკში დაწერა და მოგვიანებით მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა.
კლოდეტ კოლვინი
თითქმის ერთი წლით ადრე, ვიდრე აფრიკელ-ამერიკელ სამოქალაქო უფლებების დამცველ როზა პარკსს დააკავებდნენ, 15 წლის კლოდეტ კოლვინი ალაბამაში სეგრეგაციის წინააღმდეგ დადგა და ავტობუსში საკუთარი ადგილი არ დათმო. გოგონა დააკავეს. ეს შემთხვევა კი გახდა მიზეზი, რის გამოც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ავტობუსში სეგრეგაციის წესი არაკონსტიტუციურად ცნო.
სილვია მენდესი
სილვია ადამიანის უფლებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში 8 წლის ასაკში ჩაება. მას უფლება არ ჰქონდა იმ სკოლაში ესწავლა, სადაც თეთრკანიანი ბავშვები დადიოდნენ. მიზეზი მისი მექსიკური წარმომავლობა იყო. საბოლოოდ, სილვიამ მოშალა ზღვარი, რომელიც მექსიკელებს თეთრკანიან ბავშვებთან ერთად სკოლაში სიარულს უკრძალავდა.