# თორმეტი გირჩევთ: სამი მცენარე ინტერიერისთვის

#თორმეტი გირჩევთ სამ განსხვავებულ, ლამაზ და მარტივად მოსავლელ მცენარეს ინტერიერისთვის.

ჰოვეა

ჰოვეა ის მცენარეა, რომელიც თანამედროვე სტილში მოწყობილ გარემოს შესანიშნავად ერწყმის.

ჰოვეა პალმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც მარტივად და კარგად ეგუება ოთახის პირობებს. მნიშვნელოვანია, რომ ის 16-22 Cტემპერატურის გარემოში იზრდებოდეს.

ჰოვეას უყვარს სითბო, თუმცა არა პირდაპირი მზის სხივები და ქარი. თბილ სეზონებზე მცენარე ხშირად და უხვად უნდა მორწყათ, თუმცა ზამთრის პერიოდში ზომიერად და იშვიათად. თუ ჰოვეას გადარგვას გეგმავთ, იცოდეთ, რომ ეს უკიდურესი საჭიროების პირობებში უნდა მოხდეს, რადგან პალმისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს არ უყვართ ნიადაგისა და ქოთნის ცვლილება.

მონსტერა

მონსტერა უკანასკნელი წლებია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მცენარეა. ამის მიზეზი შესაძლოა ის მინიმალისტური და სადა დიზაინის მქონე ინტერიერი იყოს, რომელსაც ბოლო დროს ანიჭებენ უპირატესობას. 

ამ მცენარის სამშობლოდ ამერიკის ტროპიკული ტყეები მიიჩნევა. ის ძლიერი, მსხვილღეროვანი და დიდფოთლოვანი ლიანა მცენარეა. შეგიძლიათ მონსტერა ოთახის სიდიდის მიხედვით შეარჩიოთ, რადგან არსებობს მისი როგორც დიდი, ასევე მცირე ზომის ჯიში. 

მონსტერა იოლად ეგუება ოთახის პირობებს და ადვილადაც იზრდება. მისთვის  საუკეთესო ტემპერატურააა 16-24 Co, თუმცა რაც უფრო მაღალია ჰაერის ტენიანობა, მით უფრო უკეთ იზრდება ის ზომაში. თუ მონსტერა თბილ გარემოში გიდგათ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას ხშირად დასჭირდება მორწყვა და ფოთლების გაწმენდა. 

ფიკუს ელასტიკა

ფიკუს ელასტიკა ის მცენარეა, რომელსაც ყვავილების მაღაზიებსა, თუ მეგობრებთან სახლებში ხშირად შეხვდებით. ის არ იზრდება დიდი ზომის, არ საჭიროებს დიდ ყურადღებასა და მოვლა-პატრონობას და კარგად ეგუება ინტერიერს. 

მისი სამშობლოა ინდოეთი, ნეპალი, ჩინეთი. ფიკუს ელასტიკასთვის იდეალური ტემპერატურა 15-24 C– ია. მცენარეს უყვარს ნათელი მხარე, თუმცა არა მზის გულზე, პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნა. 

მორწყვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ 4-5 დღე შუალედია წყლის დასხმებს შორის საჭირო. მიწამ კარგად უნდა მოასწროს გამოშრობა.