
შფოთვა გარკვეულ საფრთხეზე ორგანიზმის პასუხია, რაც საკმაოდ ბუნებრივი და ჯანსაღია, თუ ის ცხოვრებას არ გირთულებთ და ყოველდღიურად ხელს არ გიშლით ფუნქციონირებაში.
თუმცა, არსებობს შფოთვითი აშლილობები, რომლებიც ყოველდღიური მღელვარებებისგან მკვეთრად განსხვავდება. მათ რიცხვში შედის პანიკური აშლილობები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ძლიერი სტრესისა და პოსტ-ტრავმატიული სტრესის აშლილობები და სხვ.
შფოთვით აშლილობებს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ებრძვის, ამისდა მიუხედავად ამ მდგომარეობის შესახებ ბევრი ინფორმაცია მაინც არ მოგვეპოვება.

გთავაზობთ ხუთ საინტერესო ფაქტს შფოთვის შესახებ:
შფოთვითი აშლილობა შესაძლოა ფიზიკურად იყოს მტკივნეული
შფოთვა სინდრომია, რომელიც შედგება, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური კომპონენტებისგან.
შფოთვა შესაძლოა ფიზიკურად იყოს მტკივნეული.
როდესაც ჩვენი ტვინი გრძნობს საფრთხეს (და მნიშვნელობა არ აქვს ეს საფრთხე რეალურია, თუ არა), ის ორგანიზმს საბრძოლველად განაწყობს, რაც სხვადასხვა ნეიროქიმიკატებით ადამიანის ორგანიზმის “მომარაგებაა”. ფიზიკური სიმპტომები შესაძლოა იყოს გულისრევა, თავისა და გულის ტკივილი, კუნთების დაძაბულობა, მუცლის პრობლემები და სხვ.

შფოთვითი აშლილობა შესაძლოა მემკვიდრეობით გადმოგეცეთ
2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ თუ თქვენს რომელიმე მშობელს შფოთვითი აშლილობა ჰქონდა/აქვს, არსებობს შანსი, რომ იგივე სინდრომი თქვენშიც გამოვლინდეს.
შფოთვით აშლილობებში დიდ როლს თამაშობს, როგორც გენეტიკა, ასევე გარემო.

ვარჯიშს შეუძლია შფოთვის შემცირება
ხშირად, როდესაც შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები საკუთარ მდგომაორებაზე საუბრობენ მეგობრებთან, თუ ახლობლებთან, საპასუხოდ შემდეგი სახის კითხვებს ისმენენ ხოლმე: “იქნებ, ვარჯიში გეცადა?”, “იოგაზე რომ იარო?”, “ტრენერი რომ აიყვანო, ან დილაობით ირბინო?”
ამის მოსმენა ხშირად საკმაოდ გამაღიზიანებელია, რადგან საკუთარ თავს ძალა დაატანო, ივარჯიშო, ფორმაში ჩადგე და შენს მენტალურ ჯანმრთელობასაც უშველო, არც ისე მარტივია, როგორც ბევრს წარმოუდგენია.
თუმცა, საინტერესოა, რომ ვარჯიში ნამდვილად ამცირებს შფოთვას და ნამდვილად არის ერთ-ერთი კარგი გზა მის დასაძლევად. როგორც გაირკვა, ვარჯიში ხელს უწყობს ნეიროქიმიკატების დაბალანსებას, რასაც შემდეგ უკვე წვლილი შეაქვს შფოთვის შემცირებაში.

არასწორი/არაჯანსაღი დიეტა შესაძლოა შფოთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყოს
American Journal of Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ადამიანებს, ვინც “ტრადიციულ” დიეტას იცავდნენ (ბოსტნეული, ცილები, ხილი), უფრო ნაკლებად აწუხებდათ შფოთვითი აშლილობები, მათგან განსხვავებით, ვინც “დასავლური მოდელის დიეტებს” (ლუდი, შაქარი, შემწვარი საკვები) იცავდა.

შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს უფრო დიდი პირადი სივრცე ესაჭიროებათ
თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს სხვებისთვის ხშირად უხილავი საზღვრები პერსონალური სივრცისა. ეს საზღვრები უფრო და უფრო იხსნება იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც თავს კარგად, მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობთ.
ადამიანები, ვინც შფოთვით აშლილობებს ებრძვიან უფრო მეტად საჭიროებენ ამ პერსონალური სივრცეს, საზღვრები მათთვის უფრო ფართო და განიერია.
საბოლოოდ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შფოთვა განკურნებადია. მისი დაძლევის ბევრი სხვადასხვაგვარი მეთოდი არსებობს და ეს ყოველთვის მედიკამენტოზურ მკურნალობას არ გულისხმობს.