სამი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს #WomenPWR

გთავაზობთ სამ წიგნს, რომლებიც გვიამბობენ ქალებზე, მათ ცხოვრებაზე, ბარიერებსა და გაძლიერების გზებზე.

“მხევლის წიგნი” – მარგარეტ ეტვუდი

მარგარეტ ეტვუდის ნაწარმოებში “მხევლის წიგნი” აღწერილია სამყარო, სადაც ქალები მხოლოდ რეპროდუქციის უნარის მქონე მეორეხარისხოვანი არსებები არიან. მათ არ აქვთ სიყვარულის, ქორწინების, ბედნიერების, თავისუფლად საუბრის, კითხვის, ქუჩაში საკუთარ ნებაზე გადაადგილების, მეგობრების ყოლის უფლება. ეს არის სამყარო, სადაც ყველაფერი რელიგიურ მოძღვრებასა და ძველ აღთქმას ემორჩილება. ყველაფერი საუკუნეების წინ შედგენილი სწავლებების ირგვლივ ბრუნავს.

დემოკრატიულ სახელმწიფოში უარესობისკენ ცვლილებები მაშინ იწყება, როდესაც რელიგიური ექსტრემისტები მოძლიერებას, საკუთარი იდეების გავრცელებას და ნორმალიზებას იწყებენ. საზოგადოება კი გამოფხიზლებას ვერ ასწრებს ისე იღებენ ძალაუფლებას ხელში რელიგიური ფანატიკოსები.

საბოლოოდ, ეტვუდი გვიყვება ერთი ოჯახის, ერთი ქალის გარშემო განვითარებულ ისტორიას.

გაუძლებენ ქალები ამ რთულ პერიოდს? შეძლებენ ქალები ისევ თავისუფლად სუნთქვას? გააძლიერებენ ქალები ერთმანეთს? გადარჩებიან ქალები?

პასუხები თითოეულ ჩვენგანშია.

“ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი” – მაია ენჯელოუ 

გიფიქრიათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი ცხოვრება ღარიბ, ფერადკანიან ქალად რომ დაბადებულიყავით? როგორი იქნებოდა მუდმივი ბრძოლა მიზოგინიასთან, რასიზმთან, გაჭირვებასთან. როგორი იქნებოდა მუდმივად იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც თქვენზე მეტია, ვიღაცას თქვენზე მეტი შესაძლებლობები და უკეთესი მომავალი აქვს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრკანიანია. ეს მცირე დეტალი კი მთელს მის ცხოვრებას განსაზღვრავდა: უკეთესი განათლება, უკეთესი შესაძლებლობები, უკეთესი პროფესია, უკეთესი ცხოვრება, წინსვლა, წარმატება.

გიფიქრიათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი ცხოვრება ღარიბ, ფერადკანიან ქალად რომ დაბადებულიყავით?

მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანი “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი” მისი ცხოვრების ადრინდელ, ბავშვობისა და თინეიჯერობის, წლებს ეხება. პატარა და უსუსურ და-ძმას დედ-მამა განქორწინების შემდეგ ბებიასთან და ბიძასთან გზავნის საცხოვრებლად. პატარები იწყებენ ახლებურ ცხოვრებას, იძენენ ახალ მეგობრებს, გამოცდილებებს, ცოდნას. რომანში კარგად ჩანს პატარა მაიას განცდები და შიშები. კარგად ჩანს, თუ როგორ უყურებს ის საკუთარი პატარა თვალებით საფრთხით და საშიშროებებით სავსე სამყაროს.

წიგნში ნახავთ თუ რა გზას გადის, როგორ იზრდება და იცვლება მაია 3 წლიდან თინეიჯერობის ასაკამდე. როგორ განიცდის, რომ ის, რაც სხვებისთვის მარტივი მისაღებია, მისთვის უბრალო ოცნება შეიძლება იყოს. ნახავთ, როგორია მისი, როგორც ქალის, როგორც ფერადკანიანი ქალის, თვალით აღქმული საზოგადოება. როგორია მისი დამოკიდებულება ოჯახისადმი, საკუთარი შესაძლებლობებისადმი და იმ მწარე გამოცდილებებისადმი, რომელიც ცხოვრებისგან მიიღო.

“იისფერი” – ელის უოკერი

ძვირფასო ღმერთო, 

ასე იწყებს საკუთარი ცხოვრებისა და ისტორიების შესახებ საუბარს მთავარი გმირი სახელად სილი. ის პირველ პირში გვიამბობს თუ როგორია ცხოვრება აფრო-ამერიკელი ქალებისთვის, 1930-იან წლებში. მოქმედება ჯორჯიის შტატში ხდება, სადაც სილი ბავშობიდან მამინაცვლის ძალადობის, სურვილებისა და მოთხოვნილებების მსხვერპლია. ის საკუთარი მძიმე დღეებისა და წუთების შესახებ ვერავის ესაუბრება, თუმცა ვერც ჩუმად ყოფნას ახერხებს და ლაპარაკს იწყებს. ლაპარაკს იწყებს ღმერთთან.

ცხოვრება რთული, შიშით, ძალადობით, სისხლით და სიძულვილით სავსეა ქალებისთვის. “იისფერი” კი მხოლოდ ერთი ოჯახისა თუ ერთი ქალის ისტორიას კი არა, მთელი პერიოდის, წლებისა და საუკუნეების ყოფას გვაჩვენებს. 

თითოეული პერსონაჟი, ხასიათით, შეხედულებებით, მიდგომებითა თუ ბუნებით ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, სიუჟეტის წინასწარმეტყველება და განვითარება, ასე თუ ისე, ხშირად შესაძლებელია, პერსონაჟები მუდმივად გვაძლევენ გაკვირვების, აღფრთოვანებისა თუ იმედგაცრუების საშუალებას.