გთავაზობთ ქვიარ ტერმინებს, აბრევიატურებსა და მათ განმარტებებს, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საინტერესო იყოს თქვენთვის.
ლგბტქი აბრევიატურაა და განივრცობა შემდეგნაირად: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი.
ინტერსექსი
ინტერსექსი არის ადამიანი, რომელსაც ანატომიურად ორივე სქესის მახასიათებელები აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა მოკლებული იყოს ერთი რომელიმე სქესის გამოკვეთილ ნიშნებს.
ბიგენდერი
ბიგენდერი არის ადამიანი, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ერთდროულად ორი გენდერით იდენტიფიცირდება. ბიგენდერები შეიძლება ორ განსხვავებულ გენდერულ იდენტობას ავლენდეს და იყოს ფემინური, მასკულინური, აგენდერი, ანდროგენი და სხვ.
პანსექსუალი
პანსექსუალი ის ადამიანია, ვისაც მიზიდულობა ნებისმიერი გენდერის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს. პანსექსუალები ხანდახან ბისექსუალებში ერევათ. მათ შორის განსხვავება კი დიდია. ბისექსუალებს მიზიდულობა ქალებთან და კაცებთან აქვთ, პანსექსუალებს კი მათ გარდა შესაძლოა ტრანსგედერი, არაბინალური ადამიანი და სხვ. მოეწონოს.
ქვიარი
ქვიარი ეს არის არაჰეტერონორმატიული ადამიანი.
“მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ქვიარი არაჰეტეროსექსუალ ადამიანთა მიმართ შეურაცხყოფისა და დამცირების გამოსახატავ ტერმინად გამოიყენებოდა. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ლგბტ აქტივისტებმა, თუ სექსუალობის თეორეტიკოსებმა ქვიარის პოზიტიური გამოყენება დაამკვიდრეს. ქვიარი გახდა ერთგვარი პოლიტიკური აღმნიშვნელი, რომელიც არსებულ ჰეტერონორმატიულ დღისწესრიგს უპირისპირდება.”
ქვიარი არის ე.წ. ქოლგა ტერმინი. ის ლგბტქ+ საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს შეიძლება ესადაგებოდეს. ტერმინი უფრო ზოგადი და მრავლის მომცველია.
დემისექსუალი
დემისექსუალები არიან ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ ლტოლვა ადამიანთა მიმართ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ინდივიდთან უკვე ჩამოუყალიბდათ გარკვეული რომანტიკული ან ემოციური კავშირი.
დემისექსუალები საჭიროებენ ემოციურ კავშირს იმისთვის, რომ შემდგომი ურთიერთობები დაამყარონ.
სისგენდერი
სისგენდერი ადამიანია, რომლის გენდერული იდენტობა ემთხვევა დაბადებისას მინიჭებული სქესის გენდერულ როლს.
ტრანსგენდერი
ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა არ ემთხვევა მისი ბიოლოგიური სქესისადმი საზოგადოებაში არსებული როლების მოლოდინებს. ტრანსგენდერია ადამიანი, რომელიც ბიოლოგიური მონაცემებით შესაძლოა იყოს კაცი, ხოლო თავს აიდენტიფიცირებდეს, როგორც ქალი.
ბისექსუალი
ბისექსუალია ის ადამიანი, რომელსაც ორივე სქესი, ანუ მდედრობითიც და მამრობითიც იზიდავს. შესაძლოა, ბისექსუალს რომელიმე სქესი მეტად იზიდავდეს.