„ბათუმის ფოტოდღეები“ 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

წელს „ბათუმის ფოტოდღეები“ ახალი მთავარი თემით და მრავალფეროვანი პროგრამით ბრუნდება. 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალი სტუმრებს გამოფენებსა და ღამის ჩვენებებს სთავაზობს.

„ბათუმის ფოტოდღეების“ 2019 წლის და შესაბამისად, მთავარი გამოფენის თემაა “Mirror Land” – „სარკისებრი სამყარო“, რომელიც იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რისი გამომწვევიც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებია მედიაწყაროების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. მთავარი გამოფენა 30 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო „ო. გალოგრეში“ (მისამართი: ზ.გამსახურდიას #29) გაიხსნება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ასევე, 30 აგვისტოს, 13 საათზე, „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“(მისამართი: ზ გამსახურდიას #1/5) შედგება ფოტოლაბის გახსნა, შერჩეული მონაწილეების შეხვედრა მენტორებთან და პროექტების წარდგენა.

31 აგვისტოს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ორ განსაკუთრებით საინტერესო გამოფენას – დორიან ტეტის „ვიზიტს“ და ლაშა (Fox) ცერცვაძის „გიორგის“ უმასპინძლებს (კურატორი: დინა ოგანოვა).

„ბათუმის ფოტოდღეების“ ფინალურ გამოფენის – იუსუკე ჰაშიდას „კორეა/საზღვარი“ გახსნას, 1 სექტემბერს, 18 საათზე, კაფე K2 (მისამართი: ნ. დუმბაძის #12-14) უმასპინძლებს (კურატორი: ჟეაუკ კანგი).