ჯესიკა ლენგი მარლენ დიტრიხის როლს შეასრულებს

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სცენარისტი რაიან მერფი და ორი ოსკარის მფლობელი ჯესიკა ლენგი ახალი პროექტის გარშემო ერთიანდებიან. 

Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში მერფი ადასტურებს, რომ ის ლეგენდარული მსახიობის, მარლენ დიტრიხის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ახალ სცენარს წერს, მთავარ როლზე კი სწორედ ლენგია დამტკიცებული. 

“მე და ჯესიკას გვსურს ამ სახით გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მარლენ დიტრიხისადმი. პროექტის განხორციელებას სავარაუდოდ 2020 წლის აპრილიდან დავიწყებთ”, – ამბობს მერფი. 

ამ ეტაპზე უცნობია დიტრიხის შესახებ გადაღებული პროექტი ფილმი იქნება თუ სერიალი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ რაიანმა ნეტფლიქსთან $500 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, არ არის გამორიცხული დიტრიხად ქცეული ლენგი სწორედ სტრიმინგ-სერვისზე ვიხილოთ. 

შეგახსენებთ, რომ ჯესიკა ლენგმა რამდენიმე წლის წინ სწორედ რაიან მერფის სერიალში Feud შეასრულა კიდევ ერთი ლეგენდარული მსახიობის, ჯოან კროუფორდის როლი.