სხვა ნანუკა — რა გადაცემას ამზადებს ტელეწამყვანი მთავარ არხზე

9 სექტემბერს ქართულ ტელესივრცეს ახალი ტელევიზია – მთავარი არხი შეუერთდა. 

მთავარი არხის გახსნა ნიკა გვარმიამ მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. საბოლოო ჯამში კი აგვისტოში, რუსთავი 2-ში მიმდინარე მოვლენების ფონზე სამსახური ტელევიზიის 250-ზე მეტმა თანამშრომელმა დატოვა, მათი ნაწილი კი სწორედ გვარამიას ტელევიზიაში გადავიდა. 

მთავარ არხზე გადასულთა შორის არის ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ თვეში დააანონსა, რომ საკუთარ შოუს ხურავდა. 

10 წლის წინ, როდესაც ნანუკას შოუ დავიწყეთ, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ თავისუფლება ყოველთვის და ყველგან კარგია. შესაბამისად, შევქმენით წამყვანი, რომელსაც ეცვა ისე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, საუბრობდა ისე, როგორც ნებისმიერი მოქალაქე ყოველდღიურობაში და ვეცადეთ დაგვენგრია ის სტერეოტიპები, რომელიც ტელეწამყვანის მიმართ არსებობდა. ამის შემდეგ იყო ეტაპი, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს გულწრფელი საუბარი სტუდიაში, ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს და ეს იყო ძალიან მნიშვლენოვანი, რადგან ასე მოვახერხეთ და დავამსხვრიეთ ის ტაბუები რაც იქამდე არსებობდა. თუმცა, ამ 10 წლის განმავლობაში გაჩნდა ძალიან ბევრი მსგავსი ჟანრის გადაცემა და შესაბამისად ბაზარი ძალიან უინტერესო გახდა, მივხვდით, რომ მაყურებელს ახალს ვერაფერს ვთავაზობდით და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გადაცემა, რომელიც იყო ძალიან რეიტინგული და ჰქონდა ძალიან დიდი შემოსავალი, დაგვესრულებინა”, – ამბობს ჟურნალ თორმეტთან საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ტელეწამყვანმა მართალია ერთი გადაცემა დახურა, თუმცა ახლა ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპზე სულ სხვა შოუთი ბრუნდება და სახელიც შესაბამისი მოუფიქრა – სხვა ნანუკა. 

“ახალი გადაცემა ისევ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთან თავიანთ პრობლემებზე მოყვებიან. ჩვენ ამ გადაცემაში ვამბობთ, რომ ახლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა ქვეყანაში, როდესაც უნდა ავირჩიოთ ან რუსეთი, ან – დასავლეთი. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სად ვართ ამ ბრძოლაში, ვის მხარეს ვართ ამ ბრძოლაში და რა არჩევანს ვაკეთებთ ამ ბრძოლაში. შესაბამისად, მე ვაკეთებ გადაცემას ადამიანებზე, მაგრამ ამ ადამიანებს ვეხმარები არჩევანის გაკეთებაში და ვაჩვენებ, რატომ უნდა ავირჩიოთ დასავლეთში და არა რუსეთი. ეს  არ იქნება გადაცემა პოლიტიკაზე, ეს იქნება გადაცემა ადამიანებზე”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

გადაცემას მაყურებელი დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს 22:00 საათზე მთავარი არხის პირდაპირ ეთერში იხილავს.