#სირცხვილია — “კომეტების” რეჟისორისა და პროდიუსერის სოლიდარობა ტორონტოს კინოფესტივალზე

რამდენიმე დღის წინ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე თამარ შავგულიძის ფილმის “კომეტები” მსოფლიო პრემიერა გაიმართა. 

ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი მალევე გაიყიდა და ჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებელს რეჟისორთან ბევრი საინტერესო კითხვაც ჰქონდა. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ ფილმის რეჟისორმა თამარ შავგულიძემ და პროდიუსერმა თეკლა მაჭავარიანმა ფილმის ფეისბუქ გვერდზე ფესტივალის ორგანიზატორებსა და ფილმზე მომუშავე გუნდს მადლობა გადაუხადეს. სამადლობელ სიტყვას თან ერთვის ფოტო, სადაც მათ ერთ თვალზე ხელი აქვთ აფარებული. ამ ფორმით ისინი აქციას #სირცხვილია და 20 ივნისს დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებენ. 

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს აქციის ორგანიზატორები მასშტაბურ მსვლელობას გეგმავენ. 

Thank you very much Toronto International Film Festival for inviting our film 'Comets' Huge thanks to the amazing…

Posted by Comets / კომეტები on Thursday, September 12, 2019

რაც შეეხება ფილმს, სიუჟეტი ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის პროდიუსერები თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შერვაშიძე არიან. ოპერატორი კი გიორგი შველიძეა, რომელმაც ორი წლის წინ ზაზა ხალვაშის ფილმი ნამე გადაიღო და ამისთვია ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთავარი ჯილდოც დაიმსახურა.

ფილმში მთავარ როლებს ნინო კასრაძე და ქეთევან გეგეშიძე ასრულებენ.