კულტურის დაპირისპირება კავკასიაში — Economist-ის სტატია ლევან აკინის ფილმზე

მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექციაში Directors’ Fortnight ლევან აკინის შვედურ-ქართული ფილმის And Then We Danced პრემიერა შედგა. 

კანის შემდეგ ფილმი რამდენიმე მნიშვნელოვან ფესტივალზეც უჩვენეს და არც ერთი მათგანი პრიზის გარეშე არ დაუტოვებია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ არის, მათ შორის ოსკარიც – შვედეთმა სწორედ ლევან აკინის სურათი გააგზავნა უცხოენოვანი ფილმების სექციაში წარსადგენად. 

კინოსურათის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი სტატია დაიწერა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან გამოცემებში, მათ შორის Economist-ში.

სტატიაში სათაურით “კულტურის დაპირისპირება კავკასიაში” ავტორი წერს, რომ გეი წყვილის შესახებ გადაღებულმა ფილმმა საქართველოში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

გთავაზობთ ეკონომისტის სტატიის ნაწყვეტს ლევან აკინის ფილმის შესახებ:

ბალკანელებს ხშირად მოიხსენიებენ რეგიონად, რომელიც იმაზე მეტ ისტორიას ქმნის, ვიდრე ათვისება შეუძლია. ხოლო კიდევ ერთი ადგილის, საქართველოს შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ქრონიკული კულტურული ზედმეტობა აქვს. ჯერ ძველი, ადგილობრივი ტრადიციები, როგორიცაა ეპიკური პოეზია და პოლიფონიური სიმღერა,  შემდეგ კი ქართველების უნარი, დაეუფლონ კულტურის სხვაგან დაბადებულ ფორმებს, მათ შორის თეატრსა და კლასიკურ მუსიკას.

როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირს შეერწყა, ეს უნარები მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ძაფი აღმოჩნდა. მისი თეატრისა და კინოს რეჟისორები, თავიანთი ფარული შეთქმულების მატარებელი მესიჯებით, მთელს საბჭოთა კავშირში აღიარეს. დასავლელ აუდიტორიას კი ახსენებდნენ, რომ კომუნისტურ ბლოკში ყველაფერი უსიცოცხლო არ იყო. ახლა, როდესაც საქართველო დემოკრატიულია, მისი ბევრი არტისტი აღწევს წარმატებას საზღვარგარეთ და ამასთანავე, მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს თავიას სამშობლოსთან. 

 თუმცა, საქართველოს დედაქალაქის დახვეწილობის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს უფსკრული დიასპორულ საზოგადოებასა და ძველი ქვეყნის კულტურულ ნორმებს შორის, სადაც მართლმადიდებლურ ეკლესიას ულტრა კონსერვატორები მართავენ და ძალადობრივი რადიკალური ჯგუფი ჰყავს. ქართულენოვანმა ფილმმა გეი წყვილის შესახებ ეს უფსკრული ყურადღების ცენტრში მოაქცია.

ფილმს And Then We Danced კანში უდიდესი ოვაციებით შეხვდნენ და მას შემდეგ ევროპის გარშემო დიდება და უამრავი პრიზი მოიპოვა. ახლო მომავალში კი ლონდონსა და პარიზში აჩვენებენ. მაგრამ, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც უმეტესწილად ახალისებს კინოს გადაღებას, ამ ფილმთან მიმართებაში დისტანცია დაიჭირა და უარი თქვა ნებისმიერი სახის დაფინანსებაზე.

საქართველოს ჰომოფობიური კლიმატის გამო ორ ბიჭი მოცეკვავის ურთიერთობაზე ფილმის გადაღებები ნახევრად საიდუმლო უნდა ყოფილიყო, ამბობს ლევან აკინი, ამ ფილმის ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი. აკინი ფილმს საქართველოსთვის მიძღვნილ სასიყვარულო წერილს ეძახის, რომელსაც ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა. დღევანდელი ახალგაზრდებისგან განსხვავებით, რომელთაც ტრადიციულ მუსიკას ტექნო ურჩევნიათ, იგი აღმერთებს ადგილობრივ მემკვიდრეობას. მაგრამ გრძნობს, რომ ის უნდა გათავისუფლდეს თვითდანიშნული მცველებისგან: ისეთი ხალხისგან, როგორიც არის ფილმის ცეკვის მკაცრი მასწავლებელი, რომელიც არადამაჯერებლად ამტკიცებს, რომ არაფერია მგრძნობიარე მის მოთხოვნილ მოძრაობებში.

აკინს ფილმის გადაღების იდეა 2013 წლის ამბების წაკითხვის შემდეგ დაებადა, რომდესაც თბილისში, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთშორისო დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა მოძალადეებმა და ფანატიკოსება დაარბიეს. (რუსეთის ხელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის დიდი ნაწილი, შეიძლება იმალებოდეს მსგავსი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის უკან). ფილმის დასასრულისკენ გულის ამაჩუყებელი საუბარია მოცეკვავე და ფილმის მთავარ გმირს, მერაბსა და მის მთვრალ, ახალ დაქორწინებულ ძმას, დავითს შორის. 

“მე კიდევ ერთი მსუქანი, მთვრალი ქართველი ვიქნები, და ამას არაუშავს. მაგრამ შენ, მერაბ, განსაკუთრებული ხარ და ამიტომ ახლა, საქართველო უნდა დატოვო” — ამბობს დავითი.

თავის მხრივ, მოცეკვავე-მსახიობები, რომლებიც თამაშობენ მერაბსა და ირაკლის, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ემიგრაციაში არ წავლენ. ორივე, ლევან გელბახიანიც და ბაჩი ვალიშვილიც , ამბობენ, რომ დარჩებიან და იბრძოლებენ უფრო ტოლერანტული საზოგადოებისათვის. 

“როდესაც შენს სახლში რაიმე ჟონავს, შენ მას არ ტოვებ, არამედ შეკეთებას ცდილობ”, — ამბობს ბაჩი ვალიშვილი. თანამემამულეებისგან მიღებული სიძულვილით სავსე წერილების (რომელსაც გულშემატკივრების წერილები აბალანსებს) გათვალისწინებით, ეს ნამდვილი სიმამაცეა. 

Economist-ის გარდა ლევან აკინის შესახებ სტატიები მოამზადეს ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიც არის Variety, Deadline, Hollywood Reporter, IndieWire და ა.შ.