პირველმა ქართულმა ბრაუზერმა მილიონიანი ინვესტიცია მოიპოვა

პირველი ქართული ინტერნეტ ბრაუზერი „სთექი“ ავსტრიულ-ამერიკულმა სტარტაპ აქსელერატორმა – 360Lab, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი შერჩევის პროცესის შემდეგ, 936 სტარტაპს შორის ხუთეულში შეარჩია. შედეგად კი, ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულმა სტარტაპმა AppStack მილიონიანი ინვესტიცია მოიპოვა.

“სთექი არის აპლიკაციებზე მორგებული ალტერნატიული ბრაუზერი იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად იყენებს 5 ან მეტ ვებ აპლიკაციას (მეილს, მესენჯერს, სოც-ქსელს).სთექში შესაძლებელია რამდენიმე აპლიკაციის ერთ ფანჯარაში გამოყენება და გვერდით პანელზე დახარისხება კატეგორიების ან გამოყენების სიხშირის მიხედვით.” – ამბობს ბრაუზერის შემქმნელი გიორგი ლალიაშვილი. 

ლალიაშვილის თქმით, ახლანდელი ბრაუზერები არ არის მორგებული ვებ აპლიკაციებზე და შეზღუდულ ფუნქციონალს გვთავაზობენ, სწორედ აქედან წამოვიდა პირველი ქართული ინტერნეტ ბრაუზერის შექმნის იდეაც. 

გუნდში სულ ოთხნი მუშაობდნენ:

დავით გავაშელი სერიული მეწარმე და რამდენიმე საშუალო და დიდი ბიზნესის მფლობელი.

დაჩი გუბაძე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მაასტრიხტის უნივერსიტეტიდან.

ზვიად სიჭინავა პროფესიონალი დეველოპერი 8 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.

გიორგი ლალიაშვილი – დამწყები ინოვაციური ბიზნესის (სტარტაპების) ინკუბაციის სპეციალისტი.

პირველი ქართული ვებ-ბრაუზერი Stack-ის გადმოწერა კი შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://getstack.app/