ქართველ მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილს ჰოლანდიის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გერმანელი მუსიკის კრიტიკოსების ჯილდო გადასცეს.
აღნიშნული ჯილდო გერმანულმა გაზეთმა Die Welt ანიტას პირველი დისკის გამო მიანიჭა. ალბომი Sony Classical-მა გამოსცა და მალევე კრიტიკოსების რჩეული დისკის წოდებაც დაიმსახურა.
ანიტა რაჭველიშვილი არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი და უცხოელი კრიტიკოსების ფავორიტი მეცო-სოპრანოა. მისი სადებიუტო სოლო ალბომი Anita კი 2018 წლის Opera Awards-ის საუკეთესო სოლო ალბომების ნომინაციაში მოხვდა.
გარდა ამისა, ანიტა წელს მეტროპოლიტენ ოპერის ათ საუკეთესო მომღერალს შორის დაასახელეს.