დღეიდან 21 სექტემბრის ჩათვლით Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გაიმართება.
სამი დღის განმავლობაში, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები შავი ზღვის სანაპიროზე მოიყრიან თავს.
Ad Black Sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო, მისი მასშტაბი კი ყოველწლიურად იზრდება და წელს დაინტერესებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, ვორკშოპებს. მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების შესახებ, გაიფართოვონ პროფესიული წრე, გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.
ფესტივალის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზატორების ინიციატივით საქართველოში ოცამდე ცნობილი სპიკერი ჩამოვა, ხოლო ჟიური, რომელიც ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში შეაფასებს, ოცდაათამდე პროფესიონალისგან შედგება.
საპატიო სტუმრების სიაში იქნებიან: ბერლინის კრეატიული სკოლის დამფუძნებელი მაიკლ კონრადი, ბრაზილიელი ლეგენდა მარსელო სერპა, იაპონური სააგენტოს ჰაკუჰოდოს კრეატიული დირექტორი – კენტარო კიმურა, ფეისბუქის კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი ჩინეთში – კიტი ლუნი, ესპანეთის წამყვანი სააგენტოების ლიდერები ჩაჩო პუებლა და მიგელ სიმოესი, ცნობილი სააგენტოს TBWA/Manchester-ის დირექტორი ლორნა ჰოუთინ ბრიტანეთიდან, ჰერმან ვასკე თავისი გახმაურებული ფილმით კრეატივის შესახებ, რომელსაც წლების მანძილზე იღებდა, ყველაზე პრესტიჟული მაიამის სარეკლამო სკოლის თანადამფუძნებელი ნიკლას-ფრინგს რუპი და მრავალი სხვა.
ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განსავითარებლად, უცხოური გამოცდილების მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანია, პარალელურ რეჟიმში ახალგაზრდები შეძლებენ კომუნიკაციის მათთვის საინტერესო ადამიანებთან დამყარებას. სტუდენტებისთვის ტრადიციულად შეღავათიანი პირობები მოქმედებს.
ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილის პარალელურად, Ad black sea-სთვის კონკურსი განუყოფელი ნაწილია. ოთხ ჯგუფად გაყოფილი და ოცდაათზე მეტი წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური, ნამუშევრებს 11 კატეგორიაში შეაფასებს.
კონკურსში ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ Ad Black Sea 2019 ჯილდოზე წელს ფესტივალის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ერთიანი საქართველოს რუკის კონტური იქნება დატანილი, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა გამოსახული.
წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მიიღებს. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.