ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი საუბრობენ ახალ ერთობლივ სერიალსა და #MeToo კამპანიაზე

რიზ უიზერსპუნი და ჯენიფერ ენისტონი საუბრობენ ტელევიზიაში ერთად დაბრუნებასა და იმაზე, თუ როგორ შეიცვალა The Morning Show #MeToo კამპანიის შემდეგ.

ერთ საღამოს, ლოს ანჯელესის რესტორანში მჯდომი ოსკარის მფლობელი რიზ უიზერსპუნი აღელვების ჩასაცხრობად სახეზე ხელებს იფარებს. სცენების დადგმას არ აპირებს. მაგრამ ცოტათი ნერვიულობს. ის იხსენებს დღეს, როდესაც ლეგენდარულმა ჟურნალისტმა მომავალი სერიალის, The Morning Show (რომელიც პირველ ნოემბერს გამოდის) გადასაღებ მოედანზე შეუარა. უიზერსპუნი სახეზე ხელებაფარებული ამბობს: “დაიან სოიერი გვესტუმრა და ღმერთო ჩემო, ეს გასაოცარი იყო! მონიტორთან დაჯდა და მე და ჯენს (ჯენიფერ ენისტონს) გვიყურებდა, როდესაც ახალ ამბებს ვკითხულობდით!” მსახიობებმა დიდი გზა გაიარეს მას შემდეგ, რაც საკულტო Friends-ში დების როლი ითამაშეს. 

The Morning Show ჯენიფერ ენისტონის მთავარი სატელევიზიო შოუა მას შემდეგ, რაც 2004 წელს Friends დასრულდა და წყვილის პირველი ერთობლივი პროექტია მას შემდეგ, რაც 2000 წელს უიზერსპუნი  მიწვეული მსახიობი იყო NBC-ის კომედიაში, როგორც რეიჩელის პატარა განებივრებული და, ჯილი.

“არის რაღაც მიმზიდველი დილის შოუებში. ისინი ამერიკული კულტურის განუყოფელი ნაწილია”, – ამბობს უიზერსპუნი. ბოლოს და ბოლოს, ყოველ დღე მილიონობით ამერიკელი იღვიძებს და რთავს Today შოუს, ან სხვა პროგრამებს და ნაცნობი სახეებისგან ელის ახალი ამბების ობიექტურად მიწოდებას. ყოველ შემთხვევაში, ეს არის მოლოდინი. სანამ დილის ყავას მიირთემვთ, ისინი გაცნობენ უახლოეს ამბებს თეთრი სახლიდან. სანამ თქვენ ტანსაცმელს არჩევთ, ამინდის პროგნოზს გატყობინებენ. ხოლო როდესაც უკვე კარისკენ მიდიხართ, ინტერნეტში ყველაზე გავრცელებული სასაცილო ვიდეოთი გართობენ. “ეს შოუები ქვეყანაში ერთ-ერთი უკანასკნელია იმ გადაცემებს შორის, რომლებიც კვლავ ცდილობენ, მიმზიდველები დარჩნენ ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, მისისიპიში და დე მოინიში”,  ამბობს The Morning Show-ს აღმასრულებელი პროდიუსერი, მაიკლ ელენბურგი. “შენ უნდა წარმოაჩინო, როგორია ამერიკა, რომელიც მუშაობს ლურჯი შტატებისთვის (დემოკრატები) და წითელი შტატებისთვის (რესპუბლიკელები)”. სწორედ ელენბურგი იყო ის ადამიანი, რომელმაც The Morning Show-ს იდეა განიხილა უიზერსპუნთან Big Little Lies-ზე მუშაობისას და ენისტონთან 2016 წლის ბოლოს. 

იდეა ჯერ კიდევ 1989 წელს დაებადა, როდესაც ჯეინ პაული ჩაანაცვლეს Today-ში. (ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით იმიტომ, რომ “ზედმეტად მოხუცი” იყო. იმ დროისთვის პაული სულ რაღაც 39 წლის იყო.) 2012 წელს კი, Today-ს ახალი ამბების ვეტერანი წამყვანი მუშაობიდან ერთ წელიწადში ჩამოაშორეს პროგრამას, რა საკითხიც ჟურნალისტმა ბრაიან შელტერმა გამოიძია 2013 წელს გამოცემულ წიგნში Top of the Morning. სწორედ ეს წიგნი გახდა ენისტონ-უიზერსპუნის ახალი შოუს ერთ-ერთი ინსპირაცია.

ენისტონისთვის, რომელიც 50, ხოლო უიზერსპუნისთვის, რომელიც 43 წლის არის, რთული არ იყო The Morning Show-ში ისე ეგრძნოთ თავი, როგორც სახლში. 2017 წლის აგვისტოში, ისინი Apple-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ერთი რამ, რაც ცნობილია, არის ის, რომ სერიალი The Morning Show ეფლის ახალ სტრიმინგ-სერვისზე გავა.

“Apple-ში ყოფნის მე-2 თუ მე-3 დღეს გავიგეთ ეს იდეა”, – ამბობს ჯეიმი ერლიქტი, რომელიც Apple-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. “ჩვენ შეხვედრა დავტოვეთ და მართლა ისიც კი არ ვიცოდით, როგორ შეგვეკვეთა ქაღალდის სამაგრები ოფისისთვის, სატელევიზიო სერიებს რომ თავი დავანებოთ, მაგრამ ვთქვით, რომ ეს უნდა გვექნა”, – ამატებს ერლიქტი.

15 წუთის შემდეგ შემოთავაზებისათვის დარეკეს. როგორც ჩანს, ენთუზიაზმი ორმხრივი იყო. “რაც უფრო ამბიციური იყო ეს პროექტი, უფრო ვხვდებოდი, რომ Apple მისი შესაფერისი ადგილი იყო, რადგანაც ისინიც ცდილობდნენ”, – ამბობს უიზერსპუნი.

თუმცა შოუ, ეკრანზე ზუსტად ის არ გამოვიდა, რაზეც Apple თავდაპირველად შეთანხმდა. “ჩვენ მისი განვითარება აგვისტოში დავიწყეთ და ნოემბრისთვის მთელი სამყარო შეიცვალა”, – ამბობს უიზერსპუნი. კონრეტულად კი, #MeToo კამპანია დაიწყო. 2017 წლის ოქტომბერში, ნიუ იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ეშლი ჯადმა, სხვებთან ერთად, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა კინოს გავლენიანი პიროვნება, ჰარვი ვაინშტაინი. 15 ოქტომბერს, ალისა მილანომ სხვა ქალებიც მოიწვია ხმამაღლა სალაპარაკოდ თვითერზე ჰეშთეგით #MeToo დაწერით, რომელიც  2006 წელს ტარანა ბურკეს მიერ დაარსებული მოძრაობაა.
ნოემბრის დასასრულს კი კევინ სპეისი, ლუი სი ქეი და მეთ ლაუერიც კი დაადანაშაულეს. 29 ნოემბერს, NBC-მ გაათავისუფლა თავისი წამყვანი სექსუალური დანაშაულის ბრალდების გამო. “როდესაც#MeToo მოხდა… ჩვენ არ შეგვიძლია კონკრეტულ ვინმეზე საუბარი”, – ამბობს ენისტონი, უიზერსპუნი კი ამატებს, “მგონი ცხოვრებაში არ მინახავს, არასწორი ქმედების გამო კარიერა ამაზე მეტ ადამიანს დაეკარგა. ხალხს, ვინც ხელშეუხებელი ჩანდა. ჩვენ სრულიად ახლიდან უნდა დაგვეწყო და ხელახლა განგვევითარებინა შოუ, თუმცა, რეალურად აღმოჩნდა, რომ უფრო პოტენციალით სავსე და აქტუალური არის”, – ამბობს ჯენიფერი. 

ამ ხელახალი განვითარების პროცესში შედიოდა სცენარისტების შეცვლა. 2018 წლის აპრილში, კერი ეჰრინმა “ბანქოს სახლის” ჯეი კარსონი ჩაანაცვლა, რომელიც ამ პროექტთან მანამდე იყო დაკავშირებული.


“ჩვენ მივხვდით, რომ ამბავი, რომელიც ვითარდებოდა, არ იყო ის ამბავი, რომლის მოყოლაც რომელიმეს გვენდომებოდა”, –  ამბობს ერლიხტი. “ამიტომ ახლიდან დავსხედით აღმასრულებელი პროდიუსერების ჯგუფთან ერთად და მივხვდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯეი ფანტასტიკურია, ჩვენ სხვა ხედვა გაგვიჩნდა ამ შოუსთვის და სწორედ ამ სურათში გაჩნდა კერი”.

ეჰრინი, რომლიც Friday Night-ისთვის და Parenthood-ისთვის წერდა და Bates Model-ის თანაშემქმნელი იყო, მზად არის #MeToo-ს ბოლომდე გაუმკლავდეს და ქალის თვალით დანახული ამბავი მოყვეს.

“ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია გაერთო, თუმცა სერიოზულ თემებსაც შეეხო”, – აბობს ერინი. “მე 30 წელია ვარ ქალი ძალიან მაღალ ფსონებიან ბიზნესში და უამრავი რამ მინახავს. მინდოდა დამეწერა რთული ხასიათის ქალი პერსონაჟები, რომლებიც არ იყვნენ სრულყოფილები და ძუკნები”.

ეს რთული ქალი პერსონაჟები იქნებიან ენისტონი, დილის გადაცემის დიდი ხნის წამყვანი ალექს ლევის როლში და უიზერსპუნი, ყავისფერი თმითა და სამხრეთული აქცენტით, დასავლეთ ვირჯინიის ახალი ამბების რეპორტიორის, ბრედლი ჯექსონის როლში. ლევი ყოველ დილით დილის 3 საათსა 30 წუთზე იღვიძებს, ვარჯიშობს, რედ ბულსა და ყავას იღებს და ემზადება, რომ ამერიკას მისცეს ის, რაც მას იმ დღეს სჭირდება.

ჯექსონი ცოტათი ფეთქებადი პიროვნებაა. ის სახიფათოდ მიისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ და დროდადრო მისი სწრაფვა პრობლემებს უქმნის. მაგრამ არც ერთი ქალი არ არის მზად იმისთვის, რასაც ცხოვრება უმზადებს სერიების დაწყების შემდეგ.

შოუს საპილოტე სერიაში, ნიუ იორკიში ჯერ კიდევ არ არის გათენებული, როდესაც საშინელება ხდება. ალექს ლევისთან 15-წლიანი თანაწამყვანობის შემდეგ მიჩ კესლერი (სტივ კარელი)  სექსუალურ ძალადობის ბრალდების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ. ლევის კი უწევს იჯდეს კამერასთან და მიმართოს ერს, ამ ამბის გაგებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. 

მიუხედავად იმისა, რომ ერინს სურს, ყველას შეახსენოს რომ დილის შოუ  გამოგონილი ამბავია, ამბობს, რომ ეს არის ის სამყარო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ და წარმოუდგენელია მისი უგულებელყოფა. ერთადერთი რამ, რასაც ეს შოუ არ აკეთებს, ეს უგულებელყოფაა. ხალხი სხვა მხარეს აღარ იყურება. რეჟისორი და აღმასრულებელი პროდიუსერი, მიმი ლედერი ამბობს: “ჩვენ მიკროსკოპით ვაჩვენებთ, თუ ვინ არის ეს ხალხი”.


მათ შორის არის ბრალდებული მიჩი, რომელიც თვითონ კარელის მსგავსად არის კაცი, რომელზეც მთელი ამერიკა არის შეყვარებული და ერთ-ერთი უკანასკნელი კაცი, რომელიც უნდათ, რომ რაიმე ცუდში დაადანაშაულონ. როგორც ენისტონი ამბობს, “სხვას არავის შეეძლო ამ როლის თამაში” და კარელისთვის, კაცისთვის, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია “ოფისში”  6 წლის მანძილზე სასაცილოდ არაკომპეტენტური უფროსის, მაიკლ სკოტის როლით, ეს იყო შანსი, რომ ეთამაშა კაცი, რომელიც თავის თავს არასდროს არ აკვირდება და განიკითხავს. “მიჩი ბევრი ნაკლის მქონე ადამიანია”, – ამბობს კარელი. თუმცა მიჩის გაგდება უბრალოდ დასაწყისია #MeToo-ს ყველაზე ღრმა კვლევისა, რაც კი სცენარით დადგმულ ტელევიზიას აქამდე უნახავს. რა მოუვა ბრალმდებელს? რა მოუვა ბრალდებულს? როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი საყვარელ ადამიანებზე? “ზოგჯერ სამყარო იმდენად დამაბნეველია, რომ ერთადერთი გზა, რაც მის გაგებაში დაგვეხმარება, ხელოვნებაა. ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიჭერთ. ეს მხოლოდ ამ საკითხის ჰუმანურობაზეა”, – ამბობს რიზ უიზერსპუნი. 

ხოლო რაც შეეხება უიზერსპუნის ბრედლის, ის ალექსის ორბიტაზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვანახშირის მაღაროს პროტესტის მონაწილესთან მისი კამათის ვიდეო გავრცელდა და დილის შოუს პროდიუსერებმა ინტერვიუსთვის მიიწვიეს. ზუსტად არ ვიცით, რა ბედი ეწევა ამ ორ ქალს ამის შემდეგ, თუმცა ყველაფრის მიხედვით, რაც ხდება, ბრედლი ალექსის მთავარი საზრუნავი არ არის. რადგანაც ალექსმა არამხოლოდ პარტნიორი დაკარგა, არამედ მის კონტრაქტს მალე ქსელთან  განმეორებითი მოლაპარაკება სჭირდება, რომელსაც ხელმძღვანელობს არასანდო ადამიანი, კორი ელისონი (რომლის როლსაც ბილი კრუდაპი თამაშობს). 


ლოს ანჯელესში, რამდენიმე საათით ადრე, სანამ უიზერსპუნი დაიან სოიერის გადაღებებზე ვიზიტის მოგონებებში დაიკარგება, ენისტონი თავის სახლში ზის აუზის გვერდით და ხელში წყლით სავსე ქილა უჭირავს. მისი ლურჯი თვალები კვლავ ისე ბრწყინავს, როგორც “მეგობრების” პირველ გადაღებებზე მოსვლისას. მაგრამ ამ დროისთვის, მათ ბევრი რამ აქვთ ნანახი. “ეს როლი ამაზე უფრო ადრე არ მომერგებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაოა, რაც კი ოდესმე მქონია. ვიცოდი, რომ დავალებას ვასრულებდი, მაგრამ უამრავი ემოცია გახდა საჭირო ამ ქალის სამყაროს შესაქმელად. მისი მთელი ცხოვრება ინგრევა. ზოგიერთი სცენის შემდეგ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ზურგზე უდიდესი ტვირთი მეკიდა. ყოველთვის ადვილი არ არის იქ გასვლა და იმ ადამიანად ყოფნა, ვინც უნდა იყო”, – ამბობს ენისტონი.

მაგრამ როდესაც შუქები ირთვება და კამერები გიყურებენ, შენ უბრალოდ გამოგდის. განსაკუთრებით მაშინ, თუ დაიან სოიერი გიყურებს.

წყარო: Entertainment Weekly