წაიკითხეთ Ad Black Sea-ს დღიურები

21 სექტემბერს დასრულდა ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019, რომელიც უკვე მეხუთე წელია თავს უყრის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ასობით დელეგატსა და საერთაშორისო მომხსენებელს.


ღონისძიება 19 სექტემბერს სასტუმრო შერატონში ფესტივალის დირექტორმა ვატო ქავთარაძემ გახსნა. დელეგატები, კონკურსის მონაწილეები, საერთაშორისო სპიკერები – წლევანდელ Ad Black Sea-ზე ყველა მაჩვენებლის რაოდენობა რეკორდული იყო, მათ  შორის “რეკორდულ” ციფრს მიაღწია Ad Black Sea-ს ბილეთის ფასმაც, რომელიც 350 ლარს შეადგენდა. 

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც საკონკურსო, ისე საგანმანათლებლო და “ნეთვორქინგის” ნაწილი. წლევანდელი Ad Black Sea-ს ფარგლებში მარკეტინგითა და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ სემინარებსა და ვორკშოპებს, მოესმინათ წარმატებული, საერთაშორისო მომხსენებლების გამოსვლებისთვის, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება, გაეფართოვებინათ პროფესიული წრე,  ადგილზე გაცნობოდნენ სხვადასხვა სააგენტოებისა და კომპანიების ნამუშევრებს, გაეგოთ, თუ როგორი იყო განსხვავებულ კამპანიებზე მუშაობის პროცესი, როგორ იქმნებოდა იდეა, როგორ ხდებოდა ამ იდეის ხორცშესხმა და საბოლოოდ რა რეაქციასა და გამოხმაურებას ჰპოვებდა დიდი ფინანსური, თუ შრომითი რესურსით შექმნილი პროდუქტი საზოგადოებისგან.

დღე პირველი

19 სექტემბრის მთავარი მომხსენებლები  მაიკლ კონარდი, მარკუს მაცა და კარპატ პოლატი იყვნენ. 

ფესტივალის პრეზიდენტ, ვატო ქავთარაძის,  გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის შემდეგ ჩვენს წინაშე წარდგა ბერლინის ლიდერობის სკოლის დამფუძნებელი მაიკლ კონარდი, რომელიც რეი ჩარლზის სიმღერით Georgia On My Mind მოგვესალმა, რასაც დიდი აღფრთოვანებით შეხვდა დარბაზი. კონარდის საპრეზენტაციო თემა იყო: “მიზნის ფორმულირების (დაკარგული) ხელოვნება”.

შემდეგმა მომხსენებელმა, სააგენტო K A R P A T-ის კრეატიულმა თავმჯდომარემ კარპატ პოლატმა, წარმოადგინა თემა: “ჩემი კრეატიული მოგზაურობა”, სადაც საკუთარ პროფესიულ წარსულზე, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებებსა და კრეატიულ კამპანიებზე გაამახვილა ყურადღება. 

ტექნოლოგიებისა და კრეატივის, მარკეტინგის თანამედროვე ტრენდებისა და პირადი გამოცდილებების შესახებ საკუთასრ გამოცდილებასა და მოსაზრებებზე  გვესაუბრა Plan.Net Group-ის კრეატიული ოფიცერი მარკუს მაცა. 

პირველი დღე საღამოს დაგვირგვინდა ფესტივალის გახსნის ცერემონიალით, სადაც პატარა აჭარული ხაჭაპურები, ცივი ლუდი და ცოცხალი მუსიკა გველოდა.

დღე მეორე

მეორე დღე, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დატვირთული იყო. ხუთზე მეტი მომსხენებელი განსხვავებული თემებითა და განსხვავებული ისტორიებით. 

მე პირადად ორ მომხსენებელს გამოვარჩევდი: მარსელო სერპასა და ვასილის მარმატაკისს. ეს მათ გამოსვლაზე დამსწრები დელეგატების რაოდენობაც  დაადასტურა. ბრაზილიელი პროფესიონალი, AlmapBBDO-ს ყოფილი წევრი და პარტნიორი  – სერპა გვესაუბრა, თუ როგორ იქმებოდა კონკრეტული ბრენდების კამპანიები, საიდან მოდიოდა სარეკლამო რგოლების იდეები და რა იმალებოდა სხვადასხვა პროექტის უკან. მან სხვადასხვა სოციალურ, უფლებრივ საკითზე მომზადებული პირადი ჩანახატები და ილუსტრაციებიც გაგვაცნო. 

ერთი-ორი სარეკლამო რგოლი, რომელიც, ვფიქრობ, თქვენც უნდა გაგიზიაროთ:

 

სერპას ნამუშევრები მიგახვედრებთ, თუ რამდენად დიდი როლი უჭირავს იუმორსა და საკითხისადმი პოზიტიურ მიდგომას სარეკლამო სფეროში. 

მეორე მომხსენებელი, რომლის ნამუშევრებმაც ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე – იყო გრაფიკული დიზაინერი ვასილის მარმატაკისი. მარმატაკისს უმუშავია ისეთი ფილმების პოსტერებზე, როგორიცაა The Lobster, The Favourite, The killing of a sacred deer და სხვ. 

დღე მესამე

დილა ანდრო დგებუაძის ვორკშოპით დაიწყო. გამოსამშვიდობებელ საღამომდე ფესტივალის დაჯილდოებას დავესწარით. ACAG-ის წევრი სააგენტოები მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ ქულებს, წლის ბოლოს კი Ad Black Sea-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო მათგანი ვლინდება.

ფესტივალი Ad Black Sea  800-მდე დელეგატს, ათობით მომხსენებელსა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს დახურვის ცერემონიალით ერთი წლით დაემშვიდობა.

Image may contain: 16 people, people smiling, people standing

წელს საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG) ტრადიციულად  “წლის კრეატიული სააგენტო” დაასახელა. წლევანდელი Ad Black Sea 2019-ის დაჯილდოებაზე ეს სტატუსი სააგენტო Redberry-ს  ხვდა წილად, “წლის დიზაინ სტუდია” კი Windfor’s სააგენტო გახდა. 

სამ დღიანი საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე ფესტივალი დასრულდა ელექტრონული მუსიკის, ფერადი კოქტეილებისა და წვიმიანი ამინდის ფონზე.