რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ბინდის საგის ვარსკვლავი რობერტ პატინსონი ახალი ბეტმენი იქნება.
ეს პატინსონის პირველი როლია მაღალბიუჯეტიან ფილმში ბინდის შემდეგ. ბოლო წლებში მსახიობი ძირითადად საავტორო კინოს რეჟისორებთან თანამშრომლობდა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ერთადერთი ვარსკვლავი არ იქნება Warner Bros-ის ახალ ფილმში.
Variety-ს ინფორმაციით, პატინსონთან ერთად ითამაშებს ჯონა ჰილიც, რომელიც გავრცელებულ ჭორებს თუ დავუჯერებთ უარყოფითი პერსონაჟის ამპლუაში მოგვევლინება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მსახიობს კინოსტუდიასთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, დიდი ალბათობით მას ნამდვილად ვიხილავთ ბეტმენის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეჟისორი მეტ რივსი, საკუთარ ბეტმენზე როდესაც საუბრობდა აღნიშნა, რომ ამჯერად კეთილ ღამურას ბევრ ბოროტმოქმედთან გამკლავება მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით ფილმში ექვს უარყოფით გმირს ვიხილავთ, მათ შორის კი შესაძლებელია აღმოჩნდნენ: რიდლერი, ქალი-კატა, ფაიერფლაი, პინგვინი და ა.შ.
ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისსაა დაგეგმილი.