რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ფსიქოთერაპევტი? – ინტერვიუ თინათინ თიაბაშვილთან

რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ფსიქოთერაპევტი, რომელი ფსიქოთერაპიული მიმდინარეობაა ჩვენთვის საუკეთესო და როდის უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს? – ამ და სხვა საკითხებზე ფსიქ. მეცნიერებათა დოქტორს, იუნგიანელ ანალიტიკოსსა და ფსიქოთერაპევტ თინათინ თიაბაშვილს ვესაუბრეთ. 

  • პირველ რიგში, ორი სიტყვით რომ გვითხრათ ფსიქოთერაპიის მნიშვნელობაზე

ფსიქოთერაპიის განსაზღვრება საკმაოდ რთული აღმოჩნდა სპეციალისტებისთვის, ამიტომაც ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში შესაძლოა რამოდენიმე განსაზღვრებას შეხვდეთ. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოთერაპია წარმოადგენს კომუნიკაციის სპეციფიკურ ფორმას პაციენტსა და თერაპევტს შორის და მიმართულია, დაეხმაროს პაციენტს ემოციურ დისტრესთან გამკლავებაში, შიშის, შფოთვის დაძლევაში, პრობლემიდან გამოსავლის მოძებნაში, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც პაციენტის ოჯახურ ურთიერთობებს, ისე სამსახურსა და კარიერას. ასევე, ფსიქოთერაპიის ერთერთი მთავარი ამოცანა იმ  პატერნების მოდიფიცირებაა, რომელიც პაციენტს ხელს უშლის ეფექტურად ფუნქციონირებაში და პირად ურთიერთობებში.

ფსიქოთერაპია დღეს ძალიან გავრცელებულ ინტერვენციის ფორმას წარმოადგენს, როცა კი საქმე ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას ეხება.

  • რა დროს უნდა მიმართოს ადამიანმა ფსიქოლოგს

ჩვენი ცხოვრება მუდმივად მრავალგვარ განსაცდელს გვთავაზობს, რომელთანაც ხშირად მწვავე ემოციური განცდებია დაკავშირებული. ადექვატურ ემოციური რეაქციაა, მაგალითად, სევდა დანაკარგის შემთხვევაში, ბრაზი შეურცხყოფის შემთვევაში ან შფოთვა ჩვენთვის სასურველი შედეგის მოლოდინში, თუმცა თუ აქ ჩამოთვლილი რომელიმე ემოციური მდგომარეობა რამოდენიმე თვე გრძელდება და ჩვეული ცხოვრების რეჯიმს არღვევს, ფსიქოთერაპული ჩარევა ხდება აუცილებებლი.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი ბოლო დროს შეიცვალა, ძირითადად დეპრესიულ გუნებგაწყობილებაზეა, არ უნდა სამსახურში სიარული, აღარ ურთიერთობს მეგობრებთან, ძირითადად სახლშია გამოკეტილი, ცდილობს იზოლირებული იყოს, აწუხებს დანაშაულის განცდა, სასოწარკვეთილი და უსუსურია, ამას თან ერთვის უძლობა და მადის დაკარგვა. თუ ამგვარი მდგომარეობა რამოდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება, ფსიქოლოგის დახმარებას მიმართავენ.

არასტაბილური პიროვნული ურთიერთობები, პრობლემები სოციალურ ინტერაქციაში, გადაჭარბებული შფოთვა ან წუხილი, მუდმივი გაღიზიანებულობა, აკვიატებული აზრები ან მოქმედებები, ან ფიზიკური ჩივილები, მაშინ როდესაც სამედიცინო თვალსაზრისითი ყველაფერი წესრიგში აქვს ადამიანს, სხვადასხვაგვარი ფობიებიიგივე ირაციონალური შიშები, პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობა, კვებითი აშლილობა, წამალდამოკიდებულება ან თამაშდამოკიდებულებაეს ის შემთხვევებია, როდესაც ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის დახმარება არის საჭირო.

now I can, Timo Kuilder, dribbble, motion graphics, animation, motion design, gif, woman, geometry, triangles, round, square

  • რა და რა ტიპის თერაპიები არსებობს და როგორ უნდა გაარკვიოს კლიენტმა, თუ რომელია მისთვის საუკეთესო

1950 წლამდე სულ რამოდენიმე ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა არსებოდა, თუმცა, ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ  დღეს ეს რიცხვი რამოდენიმე ათეულით მეტია. ყველა მიმდინარეობას თავისი თეორიული საფუძველი აქვს. განსაკუთრებულად პოპულარული მიმდინარეობებია ფსიქოანალიტიკური და ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია, ბიჰევიორალური, კოგნიტური, ეგზისტენციალური, პიროვნებაზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია, გეშტალტტერაპია, ინტეგრირებული და კონსტრუქტივისტული ფსიქოთერაპია. როდესაც ისმება კითხვა, თუ რომელი მიმდინარეობაა შესაფერისი კონკრეტული პაციენტისთვის, ამ დროს სპეციალისტებს ურჩევნიათ განსხვავებულად მიუდგენენ საკითხსკერძოდ, რომელი პრობლემისთვის რომელი მიდგომა არის ეფექტური. ამისთვის არსებულ კვლევებსა და გამოცდილებას ეყრდნობიან.

  • რა ტიპის შედეგს იძლევა თითოეული თერაპია და რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან

მოულოდნელი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ყველა თერაპიას ერთი და იგივე მიზანი აქვსარსებული ფსიქოლოგიური პრობლემის გადაჭრა. განსხვავება მხოლოდ თეორიულ მიდგომაში და პრაქტიკულ მეთოდხერხებშია. როგორც გითხარით, ყველა ფსიქოთერაპია გარკვეულ თეორიულ დაშვებებს ემყარება, რომლის საფუძველზეც ცდილობს ახსნას ფსიქოპათოლოგიის ან პრობლემის მიზეზები და გადაწყევტის გზებიც დაგეგმოს. მაგალითად, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია არაცნობიერი შინაარსების გაანალიზებას ახდენს, რადგან ფსიქოლოგიური დისფუნქციის მიზეზად არაცნობიერი კონფლიქტები მიაჩნია, მაშინ როცა კოგნიტური თერაპია მცდარი აზრებისა და რწმენების მოდიფიცირებაზეა მიმართული.

 

  • როგორ უნდა შეარჩიოს კლიენტმა ფსიქოლოგი, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი და რა ტიპის განათლება უნდა ჰქონდეს ფსიქოთერაპევტს მიღებული

ალბათ არავის უნდა საკუთარი ცხოვრების დეტალები არასანდო ადამიანს გაუზიაროს. ამიტომ, როდესაც ფსიქოთრაპევტის არჩევაზე მიდგება საქმე, ნდობა გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. მეორე საკითხია ფსიქოთერაპევტის გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ამიტომ, როდესაც ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს გადაწყვეტთ, შეგიძლიათ კითხვების საშუალებით მისი განათლებისა და გამოცდილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ პირევლივე შეხვედრაზე. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადაწყვეტილება მიიღოთ, გააგრძელებთ თუ არა მასთან მუშაობას. ფსიქოთერაპია რთული და ხანგრძლივი პროცესია. მხოლოდ ფსიქოლოგის განათლება ამ საქმიანობის განხორიციელებისთვის საკმარისი არ არის. ფსიქოთერაპევტს დამატებით სპეციალური ტრენინგ კურსი უნდა ჰქონდეს გავლილი რომელიმე კონკრეტული ფსიქოთერაპიული სკოლის ფარგლებში, რაც მას პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს.

  • რა ეთიკური სტანდარტები არსებობს ფსიქოთერაპევტსა და კლიენტს შორის

ფსიქოთერაპევტისა და პაციენტის ურთიერთობას ეთიკური სტანდარტები არეგულირებს, რაც მათ შორის გარკევეული საზღვრების დაცვას გულისხმობს. ერთერთი მნიშვნელოვანი წესი კონფიდენციალურობაა. პაციენტი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს, რათა საკუთარი ცხოვრების მნიშნელოვანი დეტალების გაზიარება და მასთან დაკავშრებულ განცდებზე ლაპარაკი შეძლოს. კონფიდენციალურობა პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის დაცვაა. ხშრად ხდება ხოლმე, რომ პაციენტის ახლობლები და ოჯახის წევრები ინტერესდებიან ფსიქოთერაპიული პროცესის მისვლელობით ან შედეგებით და ცდილობენ ფსიქოთერაპევტისგან მოიპოვონ აღნიშნული ინფორმაცია. ასეთი და კიდევ სხვა შემთხვევებისგან პაციენტი დაცული უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ კონფიდენციალური უნდა იყოს პაციენტის ვინაობაც.

ასევე, მნიშვნელოვანია პაციენტმა და ფსიქოთერაპევტმა პარალელურად სხვა კონტექსტში არ გააგრძელონ ურთიერთობა, აქ იგულისხმება მეგობრობა, საქმიანი გარიგებები ან სასიყვარულო ურთიერთიერთობა.

  • ხშირად კლიენტები პირველი რამდენიმე სეანსის შემდეგ თავს უფრო მძიმედ გრძნობენ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა დრო სჭირდება ეფექტური შედეგის მიღებას?

მტკივნეული განცდებისა და გამოცდილების გაცნობიერება ადვილი არ არის, ამიტომ შეიძლება სესიების განმავლობაში დრო და დრო პაციენტმა თავი არაკომფორტულად იგრძნოს, თუმცა ფსიქოთერაპევტთან ერთად ამგვარი კრიზისების დამუშავება ახალი ინსაითების გაჩენის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება დროს, რაც ეფექტური შედეგის მიღებას სჭირდება, აქ საქმე უფრო რთულად არის. მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული თერაპიის შედეგი, მათ შორის როგორც ფსიქოთერაპევტის ცოდნა გამოცდილებაზე და პიროვნულ ფაქტორებზე, ისე პაციენტის მოტივაციაზე და პიროვნულ მახასიათებლებზე. არ შეგვიძლია დავასახელოთ სესიების გარკვეული რიცხვი, რის შემდეგაც აუცილებლად გვექნება შედეგი. სიღრმისეული ცვლილებები რომ მოხდეს, გრძელვადიანი მუშაობა არის საჭირო, ზოგჯერ რამოდენიმე წელიც. თუცა, არსებობს მოკლევადიანი თერაპიებიც, რომელიც საშუალოდ 16-20 შეხვედრას მოიცავს და ორიენტირებულია კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე.