მამების თასი — საფეხბურთო ჩემპიონატი მამებისა და შვილებისთვის წელს მესამედ ჩატარდება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ინიციატივით, კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში, დავით პეტრიაშვილის არენაზე მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი წელს მესამედ გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამჯერად მამების თასში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს.  მამები, რომლებიც მწვრთნელების ამპლუაში იქნებიან, ტურნირზე წარმოადგენენ გუნდებს გოგოებისა და ბიჭების თანაბარი რაოდენობით – 8-12 წლის, მინიმუმ, ოთხ და მაქსიმუმ, ექვს მონაწილეს.

მამების თასის ყველა მონაწილე სამახსოვრო პრიზებს მიიღებს – მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან გადაეცემათ მაისურები და 12 ოქტომბერს გასამართი უეფას EURO 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩზე – საქართველო-ირლანდია დასასწრები ბილეთები.

ტურნირის ჩემპიონს გადაეცემა სპეციალური თასი. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდის წევრები საქართველო-ირლანდიის თამაშზე ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად შეძლებენ მატჩის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიღებას. საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი კი მამების თასის ჩემპიონი გუნდის წევრებს ლოკომოტივის აკადემიაში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას მისცემს.

ჩემპიონატი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივს შორის არსებული თანამშრომლობის ნაწილია. მისი მთავარი მიზანია, გასწიოს კამპანიის კაცები ზრუნავენ ძირითადი იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

კამპანია კაცები ზრუნავენ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.