ჯულია რობერტსმა და ბრედ პიტმა შესაძლოა სერიალში ერთად ითამაშონ

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი ჯულია რობერტსი ამაზონის სერიალის Homecoming დიდი წარმატების შემდეგ, სადაც ის მთავარ როლს ასრულებს, კომპანიის კიდევ ერთ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. 

ოსკაროსანი მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ჯო პიაცას წიგნის Charlotte Walsh Likes to Win ეკრანიზაციაში. 2016 წელს გამოსული ეს წიგნი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და ბესტსელერადაც იქცა.

სიუჟეტი შარლოტ უოლშის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წარმატებულ კარიერას მიატოვებს და ოჯახთან ერთად პენსილვანიაში დაბრუნდება იმიტომ, რომ პოლიტიკაში მოსინჯოს საკუთარი თავი. უოლშს სენატორობა სურს, თუმცა მედია და მისი კონკურენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას წამოიწყებენ.

სულ ახლახან კი რამენიმე ტაბლოიდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამავე სერიალში მისი ქმრის როლზე რობერტსის დიდი ხნის მეგობარი და ეკრანული პარტნიორი, ბრედ პიტი განიხილება. 

ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც პიტის წარმომადგენლებს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.