ჩემი ცოლის დაქალები ახალი სეზონით 25 ოქტომბერს ბრუნდება

ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ახალი სეზონით 25 ოქტომბერს დაბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაჩეკერმა გაავრცელა

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრიდან ფორმულა კრეატივის ახალი არხი ფორმულა იწყებს მაუწყებლობას. სწორედ ამ არხზე გავა ჩემი ცოლის დაქალებიც. 

რამდენიმე დღის წინ ფორმულას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სერიალის ახალი პრომოებიც გავრცელდა, რომლებშიც ჩცდ-ს მთავარ პერსონაჟები ჩანან. 

გარდა ამისა, სერიალის ახალ სეზონთან დაკავშირებით ცნობილი ხდება ისიც, რომ შოუში სავარაუდოდ ვერ ვიხილავთ სამ პერსონაჟს – ლუნას, თენგოს და მერაბ დარჩიას. ინფორმაცია ამის შესახებ პრაიმტაიმმა გაავრცელა

პრაიმტაიმის ინფორმაციით, მსახიობების სერიალიდან წასვლის მიზეზი მათი  რუსთავი 2-ზე გადასვლა გახდა. 

“მე ვიცოდი, რომ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და ვიქნებოდი, როგორც რუსთავი-2-ზე ასევე, ვითამაშებდი სერიალში, მაგრამ საბოლოოდ, გაირკვა, რომ თურმე პრობლემა ყოფილა. ძალიან მწყდება გული, საუკეთესო 4 წელი გავატარე ფორმულა კრეატივის გუნდთან ერთად”, – ამბობს პრაიმტაიმთან საუბრისას ქეთი ხუციშვილი. 

რაც შეეხება ფორმულა კრეატივის ახალ არხს, მედიაჩეკერის ინფორმაციით, პირველი ხუთი დღე არხზე მხოლოდ ფილმები და უცხოური ტელესერიალები იქნება, 5 ოქტომბრიდან ბადეს საინფორმაციო გამოშვებები, 7 ოქტომბრიდან კი დილის გადაცემა დაემატება.