საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება

საქართველოში 4 და 6 ოქტომბერს ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.

სწორედ ამ დღეებში საქართველოს მასშტაბით, რეგიონული მუნიციპალიტეტების, მუზეუმებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით უფასო გამოფენები, კონცერტები, ვორქშოფები, მასტერკლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2019 წლის საერთო თემის “ხელოვნება და სანახაობა” ფარგლებში  მოეწყობა. 

ევროპის მემკვიდრეობის დღეების ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო  1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც  გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი  შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.