ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გაიმართება

ოქტომბერი ქართულ კინოში მოსავლის აღების დროა. ასე ხდება უკვე მესამე წელია: კინომცოდნეები, კინოფაკულტეტების სრუდენტები, რეჟისორები და ჟურნალისტები ოთხდღიანი კინოფორუმის “ნახე პირველად ბაკურიანში” მონაწილეები ხდებიან, რომლის პროგრამაშიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაღებული მხატვრული თუ დოკუმენტური, ანიმაციური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები შედის.

წლევანდელი ფორუმი 10-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, ფილმებსა და მაყურებელს კი ბაკურიანის კინოთეატრი უმასპინძლებს. სწორედ ამ დარბაზში იტყვიან და მოისმენენ იმ ფილმების პირველ შეფასებებს, რომლებიც მომავალში სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება, ბოლოს კი ჩვენს გაქირავებაშიც გამოვა.

წლევანდელი კინოფორუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედია”, რომლის მსოფლიო პრემიერა უკვე გაიმართა წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზე და საკმაოდ თბილი შეფასებებიც დაიმსახურა.

პროგრამაშია დიტო ცინცაძის “შინდისიც”, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი მეორე კვირაა ჩვენს გაქირავებაშია და ფართო მაყურებელმა უკვე მოასწრო მისი შეფასება და დაფასება. ცინცაძეს ბაკურიანში კიდევ ერთი ნამუშევარი ჩამოაქვს –  შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”. ფილმის სცენარი ნესტან ნენე კვინიკაძეს ეკუთვნის, მთავარი როლის შემსრულებელმა სალომე დემურიამ კი ამავე კინოფესტივალის ჯილდოც დაიმსახურა.

ბაკურიანში შეკრებილი მაყურებლის წინაშე წარსდგება რეჟისორთა ახალგაზრდა თაობაც: უტა ბერაია ფილმით “უარყოფითი რიცხვები”, ხოლო გოგა ლიკლიკაძე “ღორით”. დაგეგმილია გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური “12 გაკვეთილის” ჩვენებაც.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კინოფორუმი პირველად შარშანწინ, ბაკურიანში გაიმართა, შარშან კი ქართულ კინოს ქუთაისმა უმასპინძლა. კინოფორუმი ეროვნული კინოცენტრისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტია.

აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.