საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა.

რაც შეეხება 2019 წელს, საქართველოს ახალი სლოგანი Follow the Journey of Georgian Characters არის.

ბაზრობაზე მისულ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოს აღმოჩენა სამ სხვადასხვა სივრცეში შეეძლება: საქართველოს ეროვნული სტენდი, გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი და Spend 4 Seasons in Georgia.

პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით დაგეგმილია არაერთი ლიტერატურული და ბიზნეს ღონისძიება. ათამდე ქართული გამომცემლობა ხუთი დღის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გააცნობს.

ბაზრობის მეორე დღეს კი, საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან.