ჯოკერის გრიმის გარეშე — ხოაკინ ფენიქსის ტრაგიკული ცხოვრების დეტალები

მას შემდეგ რა ტოდ ფილიპსის ფილმი “ჯოკერი” ეკრანებზე გამოვიდა, მთავარი როლის შემსრულებელი ხოაკინ ფენიქსი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ისე, როგორც არასდროს, ოსკარს უწინასწარმეტყველებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ფენიქსი ყოველთვის იყო საჯარო ინტერესის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე  და მის შესახებ პრესა ყოველთვის საუბრობდა, ბევრმა არ იცის ის შემზარავი და ტრაგიკული ისტორიები, რომელიც მას და მის ოჯახს გადახდა. 

 მაგალითად ის, რომ ფენიქსების ოჯახი საერთაშორისო კულტში “ღვთის შვილები” იყვნენ გაწევრიანებულები და 1993 წელს კი მისი ძმა, რივერ ფენიქსი გარდაიცვალა. 

კულტში გაწევრიანება

არლინ ფენიქსი და ჯონ ლი ბატონი ჰიპები იყვნენ. ისინი ახლადჩამოყალიბებული კულტის  ღვთის შვილების მიმდევრები გახდნენ. მაშინ ჯერ კიდევ ვერ იაზრებდნენ, თუ რა ზიანის მოტანა შეეძლო ამ საკულტო სწავლებებს მათი შვილებისთვის. ეს კულტი თავის მიმდევრებს შორის ინცესტს, ბავშვთა სექსს და პედოფილიას ახალისებდა.

მოგვიანებით, რივერ ფენიქსმა ერთ-ერთ ჟურნალს გაუმხილა, რომ უნდოდა, გააზრებულ ასაკში ჰქონოდა პირველი სექსუალური ურთიერთობა, თუმცა ის სულ რაღაც ოთხი წლის იყო, როდესაც სხვა ბავშვებთან ერთად კულტის მიმდევრების მკაცრი მოთხოვნით, სექსუალურ თამაშებში ჩაერთო.

ფენიქსების ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ კროკეტში, ტეხასის შტატში გადავიდა. მას შემდეგ, რაც რეინ ფენიქსი დაიბადა, ჯონ ბატომმა კულტის ერთ-ერთი უმაღლესი ტიტული მიიღო. მალევე ფენიქსები ჯერ პუერტო რიკოში გადასახლდნენ, ორი წლის შემდეგ კი – კარაკასში, ვენესუელაში, სადაც ხალხში თავიანთი კულტის სწავლებებს ქადაგებდნენ და ამავდროულად, უკიდურეს სიბინძურესა და სიღარიბეში ცხოვრობდნენ.

კულტის დატოვება 

ხოაკინი სამი წლის იყო, როდესაც ფენიქსებმა კულტი დატოვეს და კარაკასის გარეუბანში გადავიდნენ. თუმცა, მათი საცხოვრებელი პირობები ამით არ გაუმჯობესებულა. ისინი ქარიშხლიან სანაპიროზე, კვლავ ღია ცის ქვეშ, სიბინძურესა და გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.

არლინ ფენიქსი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ღვთის შვილებში ქალების ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, კულტისთვის მამრობითი სქესის ახალი წევრები გაეჩინათ. სწორედ ამ ილუზიების მსხვრევის შემდეგ ჩამოშორდნენ ფენიქსები კულტს და მიმდევრებისგან მოშორებით დასახლდნენ. მოგვიანებით სამხრეთ ამერიკიდან სატვირთო მანქანით ფლორიდაში, შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ. 

მათ მუდმივი შემოსავალი არასდროს ჰქონიათ. კულტის წევრობისთვისაც ფულს არავინ უხდიდა. ისინი მუდმივად მოგზაურობდნენ სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთ ამერიკაში და ამ წლების განმავლობაში შიმშილობდნენ. ბავშვები იძულებულები იყვნენ, ქუჩაში დამდგარიყვნენ, ეცეკვათ, ემღერათ და ფული ასე ეშოვათ.

ქუჩის მუსიკოსები

თინეიჯერობისას რეინმა და რივერმა მუსიკალური ბენდი – Attic შექმნეს. ადრეულ 90-იანებში კი ხმის ჩამწერ სტუდიაში Island სადებიუტო ალბომის ჩაწერაც მოახერხეს. რივერის სიკვდილის შემდეგ, რეინმა ამ ალბომის გამიქსვას წლები შეალია, იმ იმედით, რომ საქველმოქმედო მიზნით გაყიდიდა. 

რივერის გარდაცვალება

რივერ ფენიქსმა ნარკოტიკების მოხმარება მაშინ დაიწყო, როდესაც კორი ფელდმანს გადაღებებზე შეხვდა. მაშინ ის 16 წლის იყო. მათ პირველად მარიხუანა გასინჯეს, თუმცა მალევე ფენიქსის ნარკოდამოკიდებულება უკონტროლო გახდა და მან მძიმე ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.

რივერი კოკაინს და ჰეროინს ერთდროულად იღებდა. მისი ტრაგიკული დასასრულიც ნარკოტიკებს უკავშირდება – სულ რაღაც 23 წლის იყო, როდესაც ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზისგან გარდაიცვალა.

1993 წლის 31 ოქტომბერს, რივერის სიკვიდილის ღამეს, ხოაკინ და რეინ ფენიქსებიც ძმასთან ერთად, ლოს-ანჯელესის ღამის კლუბში იყვნენ. რივერმა იცოდა, რომ კვდებოდა. იმ მომენტში მის გარშემო იდგნენ მისი ძმები, და და ჰოლივუდელი მეგობრები. 

ხოაკინ ფენიქსი 19 წლის იყო, როდესაც ძმის გადარჩენის იმედით 911-ში დარეკა. თუმცა, რივერის სიცოცხლე ამ ზარმა ვერ იხსნა.

ალკოჰოლიზმი

უეცრად მოსული წარმატების შემდეგ, ხოაკინ ფენიქსმა 2005 წელს ალკოჰოლიზმის დასამარცხებლად სარეაბილიტაციო კლინიკას მიაკითხა. ხოაკინ ფენიქსი თავის ალკოდამოკიდებულებას ჯონი ქეშის ბიოგრაფიულ ფილმში შესრულებულ როლს აბრალებს.

“სასმელს სწორედ ამ ფილმის გადაღებების დროს დავუახლოვდი. მანამდე არ ვსვამდი ყოველდღიურად. გადაღებების პროცესში კი თითქოს სხვა საქმე არ მქონდა, დალევაშიც არაფერი მიშლიდა ხელს. ამიტომაც შევჯექი ალკოჰოლზე… როცა ვსვამდი, თავს უკეთ ვგრძნობდი”, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ფენიქსი. 

ფსიქიკური აშლილობა

ხოაკინ ფენიქსის დოკუმენტური ფილმი “მე ისევ აქ ვარ” მთლიანად გამოგონილ სიუჟეტზე იყო აწყობილი. ფილმი მსახიობის ვითომდა ორწლიან ფსიქიკურ აშლილობასა და  მისი ცხოვრების ქრონიკებს ასახავდა. თუმცა, ყველას დღესაც არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო – ფენიქსის გამოჩენამ დევიდ ლეტერმანის შოუში ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. მსახიობს მზის სათვალე ეკეთა და მთელი დროის განმავლობაში კვლავ გაურკვევლად ბურდღუნებდა.

ხოაკინ ფენიქსის მიერ დადგმული ფსიქიკური აშლილობის სცენები ჰოლივუდში არც თუ ისე კარგად მიიღეს და ამის გამო მისი კარიერა ოსკარის ნომინანტობიდან მეორეხარისხოვან მსახიობობამდე ჩამოქვეითდა, მას როლის მიღება სატელევიზიო რეკლამებშიც კი უჭირდა.

“ჩემი დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ დამიდგა პერიოდი, როდესაც მდარე ხარისხის ფილმებში მთავაზობდნენ როლებს. იმ პერიოდში სესხების აღებაც კი დამჭირდა. მეც და ჩემი ბუღალტერიც ძალიან ვნერვიულობდით, რადგან არ ვიცოდით, წინ რა გველოდა”, — ამბობდა ფენიქსი.