ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ამსახველი გამოფენა გაიხსნება

ეროვნული არქივის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა 11 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება.

ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან და მდიდარ მასალას ინახავს.

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის საქმიანობა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფოტოებთან ერთად, წერილობითი დოკუმენტების ორიგინალები, ისტორიული დოკუმენტები და ხელნაწერები იქნება წარმოდგენილი.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ისევე, როგორც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საარქივო ფონდებში ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესახებ დაცული მასალა საზოგადოებისათვის გამოფენის ფორმატში პირველად იქნება წარდგენილი.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს ანჩისა და კალმახის ციხის სახარებები, რომელთა მოძიება თაყაიშვილის სახელს უკავშირდება.

გამორჩეულია საარქივო მასალა, რომელიც ასახავს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული საგანძურის დაცვისა და მოძიების საქმეში ექვთიმე თაყაიშვილის წვლილს.

გამოფენა 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.