ძალიან მალე ტელეკომპანია იმედის ეთერში ახალი მუსიკალური შოუ მელოMoney გამოჩნდება.
ეს არის პომპეზური მუსიკალური გეიმ შოუ, რომელშიც გართობის თითქმის ყველა ფორმაა გაერთიანებული — სიმღერა, ცეკვა, თამაში, იუმორი და კურიოზული მომენტები.
მუსიკალური შოუს წამყვანი ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ბახვა ბრეგვაძე იქნება.
“მხოლოდ მაშინ ვკიდებ ნებისმიერ საქმეს ხელს, როცა მჯერა, რომ გამოვა და გამომივა. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ უმრავლესობას მოგეწონებათ უზომოდ მხიარული, გასართობი, ცოტა შემეცნებითი და აზარტული ახალი მუსიკალური შოუ. ჩემთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ, რადგან მივიღე ეს გამოწვევა, მაქსიმუმს გავაკეთებ. ღელვით არ ვღელავ, სრულიად შესანიშნავი გუნდი შეიკრიბა ჩემ ირგვლივ, რომელმაც იცის, როგორ კეთდება ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტი”, — ამბობს თორმეტთან საუბრისას ბახვა ბრეგვაძე.
მელოMoney არის თამაში, რომელშიც გამარჯვებული მუსიკალური სმენის, ზოგადი განათლების და ასევე ინტუიციის ხარჯზე ვლინდება. პარალელურად კი მონაწილეებთან ერთად მღერის ყველა.
პირველ ეტაპზე, შოუში მონაწილეობას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მიიღებენ, მოგვიანებით კი მელომანის სტუმარი ნებისმიერი მსურველი შეიძლება გახდეს.