რა ვნახეთ პირველად ბაკურიანში

ორიოდე თვეში თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის პროგრამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, მხოლოდ ჭორები (მათ შორის, საპატიო სტუმრის ვინაობასთან დაკავშირებით), თუმცა უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რომელ ქართულ ფილმებს ნახავს მაყურებელი და რომელი შეიძლება საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდეს.

მაგალითად, უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები” ან გიგა ლიკლიკაძის “ღორი”. ეს ფილმები საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ორგანიზებული კინოფორუმის პროგრამაში იყო წარმოდგენილი, რომელიც, 10-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით, ბაკურიანში ჩატარდა და კინოჩვენებების გარდა კონკრეტულ თემებზე პანელდისკუსიებსაც მოიცავდა.

კინოცენტრმა ნაწილობრივ თავისივე დაფინანსებული ფილმების ფორუმი  მესამედ ჩაატარა. წლევანდელს შედარებით მეჩხერი პროგრამა ჰქონდა, თუმცა ხარისხი უკეთესი აღმოჩნდა – ხუთი მხატვრულიდან ორმა ფილმმა ივარგა, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. ორივე ფილმი სადებიუტო ნამეშევარი იყო. ბერიამაც და ლიკლიკაძემაც უკვე მიიღეს კინომცოდნეთა შეფასება, ახლა კი ჯერი მაყურებელზეა, რომელსაც აუცილებლად ვურჩევთ მათ ნახვას – თუნდაც მხოლოდ იმის გასაგებად, რომ თანამედროვე, დამოუკიდებლად მოაზროვნე, კონკრეტულ თემებზე კონცენტრირებული და, გარკვეულწილად, ახალი ქართული კინო გვაქვს და რომ მას შეუძლია კარგიც იყოს. კარგი ტენდენციაა ისიც, რომ ორივე ფილმი რეალურად მომხდარ ამბავს ეფუძნება და ავტორებს ისტორიების ძიება მხოლოდ თავიანთ ვიწრო წიაღში არ დაუწყიათ. ეს, როგორც წესი, ფილმებს ზედმეტად პირად ამბებად აქცევს და, შესაბამისად, მაყურებელთან დისტანცირებასაც იწვევს (ამ დისტანცირების არიდებას ხომ დიდი ოსტატობა სჭირდება).

შეიძლება ითქვას, რომ “უარყოფითი რიცხვები” რაგბზეა – რაგბის თამაშის პრინციპის სიკეთეებზე, რაც მცირედი პათეტიკურობის მიუხედავად, მაინც ასატანია, რადგან გემოვნებითა და გადამლაშების გარეშეა ნაჩვენები. ფილმში მოქმედება მთლიანად კოლონიაში ვითარდება და მთავარი გმირებიც არასრულწლოვანი პატიმრები არიან. თავიდან ყველა პერსონაჟი სტერეოტიპულია: ქურდულს აწვებიან, ფულზე თამაშობენ, მწვანეებს აბულინგებენ და საერთო ფულსაც კრავენ. ერთი სიტყვით, სანიმუშო საციხო ცხოვრებით არიან დაკავებული, ვიდრე, ერთ მშვენიერ დღეს, ეზოში ოვალურ ბურთს არ შეუგდებენ და ეტყვიან, რომ “ობშიაკი” მოედანზე ერთ გუნდად თამაშიც შეიძლება იყოს.

“უარყოფითი რიცხვების” ერთ-ერთი საუკეთესო სეგმენტი პერსონაჟების განვითარებაა. სრულიად მარგინალური აზროვნებით მცხოვრები მოზარდების  ტრანსფორმირების ხარისხს, ცხადია, მსახიობების დამაჯერებელი თამაშიც განაპირობებს. არაჩვეულებრივია მთავარი მსახიობი სანდრო კალანდაძე და კიდევ უფრო კარგი გიორგი ხურცილავა, რომელსაც უკვე აქვს რამდენიმე კინოროლი და ბევრჯერ მთელი ფილმიც გადაურჩენია.

გადაარჩენს თუ არა თავად უტა ბერია თანამედროვე ქართულ კინოს, ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე წლის ჯერჯერობით საუკეთესო ფილმის ავტორი ნამდვილად არის.

ამავეს ვიტყოდით გიგა ლიკლიკაძეზეც, რომელიც ფორმის, გამომსახველობითი ხერხისა და დიალოგების აქამდე ნანახისგან სრულიად განსხვავებულ ნაკრებს გვთავაზობს და თავის ფილმს პროვოკაციულობის გარნირით წარმოგვიდგენს.

“ღორი” წმინდა წყლის ტრეშია, თუმცა შუამდე მისული ხვდები, რომ ამ სიტყვისთვის არ გემეტება. ძირითადად დიალოგებისგან აგებული ფილმი მოქმედებას, ფაქტობრივად, მოკლებულია. თითქოს პერსონაჟები მხოლოდ იმიტომ ინძრევიან, რომ, უბრალოდ, ა-დან ბ პუნქტამდე მივიდნენ და იმავეს კეთება გააგრძელონ, რაც საუკეთესოდ გამოსდით და, იქნებ, მეტი არც არაფერი იციან.

რამდენიმე წლის წინანდელ სატელევიზიო სიუჟეტზე დაფუძნებული “ღორი” კრიმინალური და სოციალური დრამის მიჯნაზე გადის: ფრუსტრირების საზღვრამდე მისული მოზარდი, რომელიღაც სოფელში უმისამართო ბოდიალისას, შემთხვევით უცხო ეზოში აღმოჩნდება, ზუსტად წუთნახევარში კი სახლის პატრონები ქურდობას აბრალებენ და ჯაჭვით აბამენ. ფილმს არც მანამდე აკლია, მაგრამ ნამდვილი აბსურდი სწორედ აქედან იწყება. მძევლის ოჯახს, გამოსასყიდის სახით, 300 (სამასს) ლარს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქურდობის შესახებ პოლიციაში განაცხადებენ. ეს უკანასკნელი ინსტიტუტი კი ბიჭის სრულიად უწყინარი მშობლებისთვისაც იმდენად საშიშია, რომ თანხმდებიან, გამოსასყიდი თანხა შეაგროვონ და შვილის თავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადონ, ხოლო როდესაც ხვდებიან, რომ 300 (დიახ, სამას) ლარს ვერაფრით უყრიან თავს, გამტაცებლებს ღორს სთავაზობენ.

მშვენიერია “ღორის” დიალოგები, უფრო კი ბილწსიტყვაობის კორიანტელი, რაც, როგორც წესი, საშინლად გამაღიზიანებელია, მაგრამ აქ იმდენად ორგანული და საჭიროა, რომ ეშხში შესული მაყურებელი კიდევ უფრო მეტ ჭუჭყს ითხოვს. ჭუჭყი კი ბლომადაა – ერთ ოთახში კონცენტრირებული ჩვენი საზოგადოების მიკრომოდელი ყოველი ფრაზის შემდეგ ახალ ლექს იკიდებს და ამოყვინთვას სულ უფრო ართულებს. მაყურებლის საბედნიეროდ, ფილმში იუმორის დოზაც საკმარისადაა, რაც ზოგჯერ იმასაც გაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ “პარაშუტის” ეფექტის დამსახურებაა და სულაც არ ხარ ვალდებული, ნანახი სერიოზულად აღიქვა. ან კი, საერთოდ, რა ვალდებულებაზე ვლაპარაკობთ. უბრალოდ, დაიკიდეთ და ნახეთ…

კინოფორუმზე წარმოდგენილი ხუთიდან ორი მხატვრული ფილმის ავტორი დიტო ცინცაძე გახლდათ. პირველ დღეს ნანახი “შინდისი” უკვე გაქირავებაშია და საქართველოს მხრიდან ოსკარზეცაა წარდგენილი, ამიტომ მის ავ-კარგიანობაზე ლაპარაკი ძალიან შორ და მიხვეულ-მოხვეულ გზებზე წაგვიყვანს. სამაგიეროდ, შეგვიძლია, “ჩაისუნთქე-ამოისუნთქეზე” ვილაპარაკოთ, რომელმაც ერთხმად დაიმსახურა კინოფორუმის ყველაზე ცუდი ფილმის სტატუსი და თანაც ისე, რომ ბევრი განხილვაც არ მოჰყოლია.

შანხაის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” სწორედ იმ ხარისხის ნამუშევარია, რის გამოც, ჩვენმა მაყურებელმა, თავის დროზე, თანამედროვე ქართული კინო შეიძულა და, ფაქტობრივად, უარყო კიდეც. ცინცაძის ნამუშევარი კლიშეებით, უნიჭობითა და უსახურობით, ალბათ, გურბანგული ბერდიმუხამედოვის შვილიშვილის ელექტროგიტარაზე მუზიცირებას თუ გაეჯიბრება. ან მათ შორის ვინმე კონკურსს თუ მოაწყობს, პირველ ადგილზეც ვერ გავა. აქ კიდევ შემიძლია რამდენიმე ბანძი ხუმრობა მოვიშველიო, მაგრამ მეტი აღარაფერი მაფიქრდება და ეს უფრო მეტად სევდიანია, ვიდრე იმის გააზრება, რომ ძალიან სწორი, დროული და საჭირო თემა ასე გააფუჭეს. საინტერესო იქნება სცენარის პირველადი ვარიანტის წაკითხვა, რადგან ფილმს აშკარად ეტყობა, რომ ნაძალადევად და უგულისყუროდ გადაღებული სცენების ნაკრებია.

 გაფუჭებაზე კინოფორუმის კიდევ ერთი ფილმი, დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი” გამახსენდა, რომელიც ფორუმის მონაწილეებს ყველაზე მეტად აინტერესებდა და, შესაბამისად, ყველაზე დიდი იმედგაცრუებაც მიიღეს.

ამ ფილმში თანამედროვე ქართული (და, ალბათ, არა მხოლოდ) კინოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა: როდესაც რეჟისორები გათვლას ტიპაჟებზე აკეთებენ და არა სამსახიობო თამაშზე. ეს აპრიორი ნიშნავს, რომ მაყურებელს ხელთ მხოლოდ ფაქტურა შერჩება და არა საინტერესოდ და თანმიმდევრულად განვითარებული პერსონაჟი, რაც ფილმის განვითარების განმაპირობებელიცაა. მამულია “ბოროტმოქმედის” სამსახიობო ანსამბლს თითქმის მთლიანად ამ პრინციპით აკომპლექტებს და მათი საინტერესო ფაქტურით სპეკულირებით გადის ფონს. …არა, ვერ გადის, რადგან მაყურებელი მალევე ხვდება, რომ გააცურეს და იმდენად გაბრაზებულია, რომ ეკრანზე ნანახის საკუთარ თავში ახსნასაც იზარებს და, შესაბამისად, არც ფონს ვერგასული მამულიასთვის სამაშველო რგოლის გადაგდებას აპირებს. დაე, დარჩეს იქ, სადაც არის.

და ბოლოს, ფესტივალის პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა ექსპრომტად მაინც აჩვენეს ლაშა ოთხმეზურისა და ვახო ვარაზის დოკუმენტური ფილმი “დაკარგული რვანახევარი” – ფილმი მიხეილ კობახიძეზე, რომელშიც რეჟისორი თავის საოცარ თავგადასავალს, ბრძოლასა და დამარცხებაზე გვიყვებოდა. მეორე დღეს მიშა კობახიძე გარდაიცვალა.