ქართული კინოს მტერი — ცუდი ფილმები

მაშინ, როდესაც ბაკურიანის კინოფორუმზე შეკრებილი კინომცოდნეები და კინოჟურნალისტები დიტო ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქეს” პირველ ეროვნულ ჩვენებას ვესწრებოდით, ცნობილი გახდა, რომ ქართული კინოს კლასიკოსი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა.

მაესტრო, როგორც მას საფრანგეთში მოიხსენიებდნენ, საავტორო ხელწერით გამოირჩეოდა. საინტერესო იყო მისი ბიოგრაფიაც. კობახიძემ უარი თქვა საბჭოთა კონიუნქტურასთან ფლირტზე და როგორც ნამდვილმა დისიდენტმა, თავის გასატანად სახლების რემონტს მოჰკიდა ხელი.

ბევრმა შეიძლება ვერ ამოხსნას, რა იყო კობახიძის მოკლემეტრაჟიან ფილმებში ისეთი, რამაც მოსკოვის კინემატოგაფის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის აღშფოთება გამოიწვია. კობახიძეს სპეციალური დადგენილებით ფილმების გადაღება აეკრძალა. ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არსებობს — საბჭოთა ჩინოვნიკებს არ უყვარდათ სიცოცხლე, რომელშიც არ იქნებოდა მათთვის აქტუალური პრობლემები გაჩხერილი.

კობახიძე, უკიდურესად აბსტრაქტულ ფილმებშიც კი, სადაც არც დრო კონკრეტდებოდა და არც გარემო, სიცოცხლეს აღბეჭდდა. ის არ იღებდა ანტისაბჭოთა კინოს, მაგრამ მისი ფილმები თავისთავად იქცეოდნენ ასეთებად.

სწორედ სიცოცხლე აკლია თანამედროვე ქართულ კინოს. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი იმ ფაქტს, რომ ბოლო ხანებში გადაღებულ ფილმებს მაყურებელი არ ჰყავს. წარმოვიდგინოთ, როგორ ყიდულობს კინოს ძვირ ბილეთს მაგალითად, რომელიმე რიგითი სტუდენტი და როგორ რჩება ხელოვნური, მაგრამ ძალიან პრეტენზიული ფილმის ამარა. თუკი მეორედ შეცდა, მესამედ, დანამდვილებით შეიძლება ამის თქმა, “სტუდენტი” ქართულ ფილმზე აღარ წავა და მხოლოდ ისეთ ფილმებს ნახავს, რომლებიც დარბაზიდან გამოქცევის სურვილს არ გაუჩეს.

დიტო ცინცაძე ბიოგრაფიული დეტალებით იმეორებდა მიხეილ კობახიძის გზას. ისიც, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ დასავლეთში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, როგორც ეს ცინცაძის ბოლო ფილმებში გამოჩნდა, უარი ვერ თქვა კონიუნქტურასთან არშიყზე.

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქეს” მოწყვეტილია ადგილთან, სადაც მოქმედება ვითარდება, და დროსთან, რომელ გარემოშიც ეს ამბავი ხდება. ციხიდან დაბრუნებული ირინას (სალომე დემურია) ისტორია მოგვაგონებს ადამიანის უფლებათა ვორქშოპებზე ნასწავლი სიტუაციური მაგალითების ნაკრებს, მაგრამ არაფრით — კინოს და კიდევ უფრო არაფრით − რეალურ ცხოვრებას.

ირინა ჭიათურაში ცხოვრობს. ქართველი მაყურებელი ხედავს ჭიათურის ლანდშაფტს, მაგრამ იქვე ხედავს თბილისის ზოგიერთ შენობასაც. მსახიობებიც საუბრობენ და მოქმედებენ ისე, როგორც ამას თბილისის ცენტრალური უბნის მაცხოვრებელი იზამდა და არანაირად ისე, როგორც მაგალითად, ამ რეგიონის მკვიდრი. 

ადგილობრივი მაყურებელი, რომელიც ფილმზე ბილეთს იყიდის იმ იმედით, რომ არა მორიგ ფანტასტიკას, არამედ მისთვის ნაცნობ გარემოს დააკვირდება, დიდი იმედგაცრუება მოელის. პირობითობის ადგილი თეატრია და არანაირად კინო. კიდევ უფრო შეუსაბამო და კარიკატურულია ფილმის სხვა დეტალები: ევროპელი “უგულო” უფლებადამცველი, რომელიც რეალურად არ ეხმარება ციხიდან გამოსულ ირინას და იოგის კურსებს სთავაზობს (სავარაუდოდ, ეს პასაჟი ფილმში რუსი თანაპროდიუსერის მოთხოვნით ჩართეს), ტრანსგენდერი პერსონაჟი, ნარკოტიკებისა და თავისუფალი სექსის სცენები, რომლებიც უფრო ბერლინს შეეფერებიან, ვიდრე ამ სიღატაკის მიღმა მცხოვრებ ქალაქსა და ჩაკეტილ საზოგადოებას.

დიტო ცინცაძემ მოახერხა ისიც, რომ ჭიათურის მთავარი პრობლემა — მაღაროელების მძიმე ყოფა ინფლაციას შეაჭამა. ერთ-ერთ მთავარ სცენაში რეჟისორმა მაღაროელების ახლადშეკერილი, სუფთა კოსტიუმებში გამოწყობილი “მუშები” ჩამოატარა, რომლებმაც მუდმივად ერთი სახის მქონე მთავარ გმირს უბრალოდ “ლამაზი” ანტურაჟი შეუქმნეს.

მიხეილ კობახიძის “ქოლგაშიც” რეალობა განზოგადებულია და სიურეალისტურ ელემენტებს შეიცავს. თუმცა, მათ, ვინც “ჩაისუნთქე-ამოისუნთქეს” გამართლებას მოინდომებს, მოუწევს იმის გახსენებაც, რომ კობახიძე პირველივე კადრიდან გვაცნობს საკუთარი პირობითი ენის წესებს და არ გამოთქვამს სამყაროს (აბსოლუტურად ყველა) ზოგადსაკაცობრიო პრობლემების ასახვის პრეტენზიას.

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” უდიდესი პრეტენზიების მიუხედავად სტერილურია. ფილმი თითქოს მეხამრიდითაა შეიარაღებული, რომელიც მაყურებლის ემპათიას უკუაგდებს. წესით ირინას ისტორია ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო. ის ციხიდან ისეთ სახლში ბრუნდება, სადაც შვილებსაც კი აღარ უყვართ. ირინა ვერც სამსახურს შოულობს. მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი კი შემთხვევით გაცნობილი ტრანსგენდერი მოზარდია, რომელიც საზოგადოებისგან გაუცხოებით იტანჯება.

მარტოსული პერსონაჟები დამეგობრდებიან. ამ და სხვა სიუჟეტურ ხაზებს მაყურებელის გულამდე მისვლა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს აშკარად გამოეპარა, რომ კინომ მაყურებელს სატელევიზიო შოუზე მეტი უნდა შესთავაზოს. ირინას ამბავი ვერ ახერხებს არათუ მსოფლიოსთვის, არამედ ქართული საზოგადოებისთვისაც კი, ამ შემთხვევაში, საერთო ტკივილის შეთავაზებას.

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” იმდენად ხელოვნურად შეკოწიწებული ფილმია, რომ ემოციურ კათარზისზე იმედები აბსურდულია. პირიქით, გადამწვეტ მომენტებში დარბაზში სიცილის ხმას აუცილებლად გავიგონებთ. უნიჭობის დაცინვა კარგია, მაგრამ არსებობს კინოთეატრების დაცარიელების საფრთხეც.

მიხეილ კობახიძის ფილმები ახალგაზრდებისთვის ქართული კინოს გაცნობისა და შეყვარების საუკეთესო და გამოცდილი მეთოდია. უამრავი ადამიანი ცდილობს ქართული კინოწარსულის რამენაირად გაცოცხლებას და თანამედროვე კინოსთვის მაყურებლის მოზიდვა/შენარჩუნებას. თუმცა, წლიდან-წლამდე არ კლებულობის ისეთი ფილმების რიცხვიც, რომლებიც კინოდარბაზებს აცარიელებენ. ამ რთულ მოცემულობაში ყველაზე მარტივი გამოსავალია, შევცვალოთ არა თანამედროვე ქართული კინო (ამას ჩვენ ვერ გავწვდებით), არამედ მაყურებელი, მისი აღქმის კუთხე. მოვუწოდოთ “სტუდენტებს”, იარონ ქართულ ფილმებზე და დასცინონ რეჟისორებს, სანამ ეს უკანასკნელნი კარგი ფილმების გადაღებას არ ისწავლიან.