ფელისიტი ჰოფმანს პაპარაცებმა ციხეში ფოტოები გადაუღეს

სერიალ სასოწარკვეთილი დიასახლისების მსახიობს, ფელისიტი ჰოფმანს, რომელიც სასჯელს კალიფორნიის ქალაქ დუბლინის ციხეში იხდის, ოჯახის წევრებთან შეხვედრის დროს პაპარაცებმა ფოტოები გადაუღეს.

ფელისიტი ჰოფმანს ციხეში მისი ქმარი, სერიალ Shameless-ის ვარსკვლავი უილიამ მეისი და შვილი სოფია ესტუმრნენ. ფოტოებზე ჰოფმანს ციხის მწვანე უნიფორმა აცვია.

შეგახსენებთ, რომ ფელისიტი ჰოფმანს სასამართლოს გადაწყვეტილებით 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. გარდა ამისა, მსახიობს მოუწევს $30 ათასიანი ჯარიმა გადაიხადოს და 250 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთოს. 

მასაჩუსეტსის პროკურატურამ ჰოფმანსა სხვა 50 ადამიანთან ერთად ბრალი პრესტიჟული სასწავლებლების თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საქმეზე წაუყენა.

ბრალდებულები რეიტინგული სკოლებისა და კოლეჯის თანამშრომლებს ქრთამის სახით რამდენიმე ათასს უხდიდნენ, საბოლოოდ კი მათი შვილების ტესტირების შედეგები სწორდებოდა და ჩარიცხვის დასტურიც მოსდიოდათ.

პროკურატურის ცნობით, სქემა 2011 წლიდან მუშაობდა და მასში ცნობილი მსახიობები, დიზაინერები, ბიზნესმენები და სხვა გავლენიანი პირების ბრალეულობა იკვეთება. რაც შეეხება ფელისიტის, გამოძიების ინფორმაციით, მან $15 ათასი გადაიხადა იმისთვის, რომ მისი შვილის შედეგები გასწორებულიყო.