მაიკ ნიკოლსს მისთვის ჩვეული დრამატიზმითა და ირონიით სავსე ერთი ძალიან კარგი ფილმი აქვს – “ბარათები ქვეყნის კიდიდან”. ფილმი მართლა ძალიან კარგია, მერილ სტრიპისა და შირლი მაკლეინის სიყვარულით, სიძულვილით, მობეზრებითა და ურთიერთლტოლვით აღსავსე შესანიშნავი დუეტით. მაკლეინი დედას თამაშობს, სტრიპი კი მის შვილს, ჰოლივუდის მსახიობს – ოდესღაც კაშკაშა, ახლა კი ნარკოტიკითა და ალკოჰოლით მიმქრალ ვარსკვლავს. ეს კერი ფიშერის ისტორიაა, მის მიერ დაწერილი ბარათების კრებული, რომელშიც თავის დიდებულ და ტრაგიკულ ცხოვრებაზე გვიყვება და თანაც ისე, რომ სახიდან ერთი წამითაც არ იშორებს ღიმილს.
კერი ფიშერი, რომელსაც დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა, ჰოლივუდური ოჯახის კლასიკური შვილია. ოქროს ხანის ვარსკვლავ დები რეინოლდსის ერთადერთი ქალიშვილი იყო, რაც უკვე ნიშნავდა, რომ დაბადებიდან მსახიობობისთვის უნდა მომზადებულიყო. ემზადებოდა კიდეც, უფრო სწორად, დედა ამზადებდა, რომელიც შვილს ყველგან დაატარებდა, სადაც კი სიტყვა “ჰოლივუდი” რამეს ნიშნავდა.
კერი ფიშერი ერთ-ერთ ავტობიოგრაფიაში იხსენებდა კიდეც, როგორ ეძინა ან თამაშობდა გადასაღებ მოედნებსა და კასტინგის ოთახების მოსაცდელებში და რომ ეს მისი მომავლისთვის აუცილებელ წინაპირობად მიაჩნდა. შემდეგ კი იმასაც ამატებს, რომ მისთვის არც არავის უკითხავს, თავად რისი გაკეთება უნდოდა ან რისი ნიჭი ჰქონდა – დები რეინოლდსის ერთადერთ ქალიშვილს აუცილებლად ეკრანზე უნდა ებრწყინა.
ასეც მოხდა, მაგრამ სულ სხვანაირად – 21 წლისამ იმდენად გაიბრწყინა, რომ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად იქცა, თუმცა მხოლოდ კონკრეტული როლის დამსახურებით. და, რა სამწუხაროა, რომ ამავე როლის ტყვეობაში მოქცეულს და გამუდმებით ნარკოტიკითა და ალკოჰოლით გაბრუებულს, არასდროს მიეცა იმ ნიჭის გამოვლენის საშუალება, რომელსაც უდიდესი შარმი, ენერგიულობა, მოუთოკავი ქარიზმა და მთელ სახეზე გადაფენილი ღიმილი განაპირობებდა. არავინ იცის, როგორი კარიერა ექნებოდა, რომ არა გამუდმებით გავლენიანი დედის კონტროლის ქვეშ ცხოვრება, რამაც ნარკოტიკებამდე, ალკოჰოლამდე, შიზოფრენიანმდე, ბიპოლარულ აშლილობამდე და მანიაკალურ დეპრესიამდეც მიიყვანა.
“ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა მხიარული და უდარდელი, ჩემი მუდამ მოჩხუბარი მშობლები კი არასდროს ყოფილან სამაგალითო. საშინელება იყო, რომ გამუდმებით ვიღაცის ყურადღების ქვეშ ვიყავი. ასე არ უნდა მომხდარიყო, ეს ყველაფერი მე არ ამირჩევია”, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში და რა ირონიულია, რომ ოდესღაც, უამრავს შორის, სწორედ ის აირჩიეს.
1977 წელს მსოფლიო, კინო, ადამიანების სამყაროსადმი დამოკიდებულება და ცნობიერება სამუდამოდ შეიცვალა. ეკრანებზე ჯორჯ ლუკასის “ახალი იმედი” (ახლა უკვე “ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV – ახალი იმედი”) გამოვიდა და სამი ადამიანი: კერი ფიშერი, მარკ ჰემილი და ჰარისონ ფორდი ყველა დროის უდიდეს კინოტრიოდ შეირაცხა. კერი კი მათ შორის ნამდვილი პრინცესა იყო, თანაც ყველანაირი მნიშვნელობით: ხელის გულზე განებივრებულს მილიონობით ფანის სიყვარული ერთიანად დაატყდა.
სიყვარული მისი კიდევ ერთი მავნე ჩვევა აღმოჩნდა. თვითონ ღიად და გადაჭრით არასდროს უთქვამს, მაგრამ ჰარისონ ფორდი ყველა ფოტოსა და სცენაში უყვარს. ეს მუდამ უხასიათო და უჟმური კაცი კი ყველგან ჯილდომოპოვებული ჩემპიონივით იყურება, თანაც სულ სხვა მიმართულებით, არა კერისკენ… ფილმშიც კი არ პასუხობს, რომ უყვარს – ამის თაობაზე უბრალოდ იცის: ინფორმაცია მიღებულია, გოგონი, შეიძლება ახლა მშვიდად დავიძინო კარბონიტის სარკოფაგში?..
მერე მართლა შეუყვარდა. პოლ საიმონს წლების განმავლობაში ხვდებოდა და, მოგვიანებით, ცოლადაც გაჰყვა, შუალედში კი დენ ეიკროიდზე იყო დანიშნული. 90-იანების დასაწყისში ბრაიან ლურდს გაჰყვა ცოლად, ვისგანაც ერთადერთი ქალიშვილი გააჩინა, მათი გაყრის მიზეზი კი ლურდის მიერ ჰომოსექსუალობის აღიარება გახდა. ამ ყველაფერს ფონად, ცხადია, ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება მიუყვებოდა, რაც სულ უფრო მეტ ფსიქიკურ და ფიზიკურ დაავადებას იწვევდა.
კერი ფიშერს არასდროს დაუმალავს თავისი მდგომარეობა. პირიქით, ინტერვიუებში ღიად ლაპარაკობდა დამოკიდებულებებისგან გამოწვეული პრობლემების თაობაზე, ყველას მოუწოდებდა, ასე არ ეცხოვრათ და ნელ-ნელა აქტივისტადაც ჩამოყალიბდა: იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის და მფარველობდა ქალთა საკითხებზე მომუშავე საადვოკატო ფირმებს, იცავდა ცხოველთა უფლებებს, იყო გეიაქტივისტი, თანხას სწირავდა შიდსით დაავადებულთა დასახმარებლად და მხარში ედგა ბიპოლარული აშლილობის მქონეთა მხარდამჭერ ორგანიზაციებს. ანუ სიცოცხლის ბოლო წლებში იმას აკეთებდა, რაც თავად სურდა, რაც აღელვებდა და აბედნიერებდა.
მაგრამ სიკვდილმა მაინც ბავშვობაში დააბრუნა, იმ დროში, როდესაც დედისგან დამოუკიდებლად ნაბიჯსაც ვერ დგამდა: ტრაგიკული რომ არ იყოს, ირონიული იქნებოდა, რომ დები რეინოლდსი კერის სიკვდილის მეორე დღეს გარდაიცვალა და იქაც, იმ შორეულ გალაქტიკაშიც გაჰყვა.
მაგრამ არაფერი ემუქრება – კერი ხომ იქაურობის პრინცესაა, მეამბოხეთა გენერალი და ძალაც მუდამ მასთანაა.