ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი გამოფენა 28 ოქტომბერს გაიხსნება

28 ოქტომბერს, ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. 

ექსპოზიციაზე დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტები გამოიფინება, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ფართო საზოგადოებას ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიას გააცნობს.

პირველად ისტორიაში, მუზეუმის ფონდებიდან საექსპოზიციო დარბაზებში გამოტანილ  უნიკალურ აფიშებთან, ფოტოებთან თუ ხელნაწერებთან ერთად, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს The Washington Post-ის საკუთრებაში არსებული, 1989-1992 წლებში საქართველოს პოლიტიკური ვითარების ამსახველი უნიკალური ფოტო და საარქივო დოკუმენტები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენის კატალოგის პრეზენტაციაც, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელს მიეძღვნა და რომელიც გამსახურდიას პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის ამსახველ მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად, 1992 წლის 3 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მომხრეთა მასობრივი დარბევის იშვიათი კადრებს აერთიანებს.

გამოფენის გახსნის თარიღად 28 ოქტომბერი საგანგებოდ შეირჩა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციას არა საბჭოთა ხელისუფლება ახდენდა, არამედ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს ზედამხედველობას უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები უწევდნენ.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.