რუსეთიდან საქართველოში 17 ქართული ფილმის ორიგინალს დააბრუნებენ

რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდიდან ამ ეტაპზე საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება, მათ შორისაა ფილმი, მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი “მათი სამეფო”. 

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აცხადებს, აღნიშნული ფილმი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულ ფილმად ითვლებოდა. ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული. ასევე, აღნიშნული ფილმები 1926 წლიდან 1930 წლამდე პერიოდშია გადაღებული.

გასული საუკუნის 20-იანი წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი მხოლოდ 54 ფილმი ინახება, რომელთა ნაწილი უკვე ჩამოტანილია. 

როგორც სამინისტრო აცხადებს, ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20-იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.

ამ ეტაპზე კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში:

  • მათი სამეფო (1928) – რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე
  • ხანუმა (1926)
  • ორი მონადირე (1927)
  • ჯანყი გურიაში (1928) – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა
  • გოგი რატიანი (1927)
  • კრაზანა (1928)
  • კომუნარის ჩიბუხი – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
  • ბელა (1927) – რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი
  •  გიული“ (1927) – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია
  • იბრაჰიმი და გოდერძი (პირველი და უკანასკნელი – 1927)
  • ღრუბელთა თავშესაფარი (ცხოვრებასთან შეხვედრა – 1928) – რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი
  • ნორჩი მფრინავი (1928) – რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე
  • ქალი ბაზრობიდან (1928) – რეჟისორი გიორგი მაკაროვი
  • ახალგაზრდობა იმარჯვებს (1928) – რეჟისორი მიხეილ გელოვანი
  • ჩემი ბებია (1928 -ძველი ვერსია) – რეჟისორი კოტე მიქაბერიძი
  • საბა (1929) – რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
  • მონანიება (1986) – რეჟისორი თენგიზ აბულაძე

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აცხადებს, “მონანიების” ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმცა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა. “გოსფილფოფონდიდან” აღნიშნული ფილმის დაბრუნება კი მისი კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას იძლევა.