ბანგლადეშში 19 წლის გოგოს დაწვისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბანგლადეშის სასამართლომ 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფის ცოცხლად დაწვისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

რაფი მას შემდეგ დაწვეს, რაც მან სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

2019 წლის 27 მარტს ნუსრათმა თქვა, რომ დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და არაერთხელ სცადა ეძალადა მასზე თუმცა მან გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ ნუსრათი მშობლებთან ერთად პოლიციაში მივიდა და დირექტორს უჩივლა. 

პოლიციელმა, რომელმაც ის გამოკითხა ვიდეო გადაიღო, რომელიც მოგვიანებით მედიით გავრცელდა. 

სკოლის დირექტორი მალევე დააკავეს. თუმცა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დაიწყო, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეები ნუსრათს ტყუილში ადანაშაულებდნენ. 

6 აპრილს, როდესაც ნუსრათი სკოლაში ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად ძმასთან ერთად მივიდა, შენობაში არ შეუშვეს. 

ამის შემდეგ ის სკოლის სახურავზე ბურქაში ჩაცმულმა ხუთმა პირმა აიყვანა და საჩივრის გამოტანა მოსთხოვეს. უარის შემდეგ კი მათ ნუსრათს ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

დამნაშავეებს სურდათ, რომ ნუსრათის სიკვდილი თვითმკვლელობად წარმოეჩინათ, თუმცა გოგო გადარჩა. საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე კი ჩვენება მისცა და თავდამსხმელები დაასახელა. ნუსრათი ინციდენტიდან 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სიკვდილმისჯილებს შორის არის მასწავლებელი და რაფის ორი კლასელი.

ნუსრათის მკვლელობას ბანგლადეშში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პრემიერმინისტრმა საჯაროდ დადო პირობა, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ.