საქართველოში And Then We Danced-ის პრემიერა 8 ნოემბერს გაიმართება

ლევან აკინის დრამა And Then We Danced  ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ფილმის ქართული პრემეირა 8 ნოემბერს შედგება. 

ფილმის პროდიუსერების განცხადებით, ქართველი მაყურებელი ლევან აკინის დრამას მხოლოდ სამი დღე – 8, 9 და 10 ნოემბერს იხილავს. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით ფილმის პრემიერას შემოქმედებითი გუნდის არც ერთი წევრი არ დაესწრება. 

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ And Then We Danced ევროპული უნივერსიტეტის კინოდაჯილდოების ნომინანტი გახდა. ლევან აკინის ფილმი 5 საუკეთესო სურათთან ერთად მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. 

გეტყვით იმასაც, რომ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი სულ მალე ლოს ანჯელესში გაემგზავრება და ფილმის წინასაოსკარე კამპანიას დაიწყებს. შვედეთმა სწორედ ლევან აკინის სურათი გააგზავნა უცხოენოვანი ფილმების სექციაში წარსადგენად. 

And Then We Dance-ს, ფილმის პრემიერა მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექციაში Directors’ Fortnight შედგა. 

ფილმმა მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენების დასრულებისთანავე არაერთი ფესტივალის სამიზნედაც იქცა. 

კანის შემდეგ ფილმი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ფესტივალზეც უჩვენეს და არც ერთი მათგანი პრიზის გარეშე არ დაუტოვებია. 

გარდა ამისა, შვედეთის კინოინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ლევან აკინის ფილმი And Then We Danced შვედეთში გადაღებულ ფილმებს შორის კრიტიკოსების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დადებითად შეფასებული სურათია. 

ამ ეტაპზე ფილმის საშუალო შეფასება 4,08 ქულაა, ამ მონაცემით კი ის უთანაბრდება რუბენ ოსტლუნდის ოქროს პალმის რტოს მფლობელ ფილმს The Square.