ლუკა ჩიქოვანმა Silk Road Film Festival-ზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო

ალიჩე რორვახერის ფილმში Happy as Lazzaro შესრულებული როლისთვის, მსახიობ ლუკა ჩიქოვანს Silk Road Film Festival-ზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო გადაეცა. 

გარდა ამისა, ამავე ფესტივალზე რორვახერის ფილმი საუკეთესო სურათადაც დაასახელეს. 

იტალიური ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გლეხის, ლაზარეს და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის შეხვედრაზე. მათ განცალკევებულ პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას თხოვს. ეს უჩვეულო და დაუჯერებელი ალიანსი ლაზარესთვის გამოცხადებასავითაა. მათი მეგობრობა იმდენად ძვირფასია, რომ ის ლაზარეს ტანკრედის საძებნელად დროშიც ამოგზაურებს.

ფილმის პრემიერა 2018 წელს შედგა.