კორეული თანამედროვე ხელოვნება არტისტერიუმი 2019-ის მთავარი თემა იქნება

მეთორმეტე არტისტერიუმის მეორე ნაწილი (პირველი ნაწილი გაიმართა კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში 2019 წლსი ივნისში), ორი საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციის: ასოციაცია არტისტერიუმის და კორეული Nine Dragon Heads / NDH – გარემოს დაცვის ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმის, ათწლიან თანამშრომლობას აღნიშნავს.

NDH არის კორეული სახელოვნებო ორგანიზაცია, რომელმაც ქართველ მაყურებელს პირველად წარუდგინა კორეული თანამედროვე ხელოვნება 2009 წლის არტისტერიუმზე.

პროექტი მოიცავს ორ გამოფენას თბილისის ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელწიფო მუზეუმში და ლექციას კორეული ავანგარდის შესახებ, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.

გამოფენაში “განსხვავებული რეალობა” ცხრა კორეელი ფოტოგრაფის ნამუშევარი კორეულ დღევანდელობას აღწერს. მხატვრები ან სინ ჯა, ბაეკ მიუნგ ჯა, ჰან ჰე ჯუნი, ჰონგ ინ სოკი, ჯი სო ეონი, ლი სანგ ჯიკი, ლი ჰიე ჯეონგი, იუნ კვანგ ბინი, ჯეონგ სანგ ვუნი აჩვენებენ თანამედროვე კორეულ საცხოვრებელ და სააზროვნო სივრცეს, საკუთარი, ევროპულისგან განსხვავებული ფსიქოლოგიური და სოციო-პოლიტიკური კონტექსტით, და დროს, როგორც მიმდინარე მომენტს კორეის ისტორიაში.

გამოფენა “თანამშრომლობის ხედვები” მაყურებელს 6 კორეელი მხატვრის ნამუშევარს წარუდგენს, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში ინსტალაციის, პერფორმანსის, ფოტოგრაფიის და ვიდეო არტის ენას იყენებენ. პარკ ბიონგ უკი, პანგ ჰიო სუნგი, შინ იონგ გუ, სუჰ იოონ ჰეე, კიმ ჯი ჰიუნი და მუუნ სანგ ვუკი კორეული თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა თაობას ეკუთვნიან. თვითგამოხატვრის ორიგინალური გზების პერმანენტული ძიების პარალელურად, მათ ნამუშევრებში თანამედროვე კორეული მსოფლშეგრძნება და ფილოსოფიაა აკუმულირებული.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ლექცია “კორეული ავანგარდი: ამბოხი და გაქცევა, 1960- 1980-ანი წლები”. ლექცია ეხება პერიოდს კორეის ისტორიაში, როდესაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პარალელურად, კორეელმა მხატვრებმა საკუთარი ხმის აღმოსაჩენად და თვითგამოხატვის კორეული სტილის დასამკვიდრებლად, შეცვალეს დასავლური თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელი პრობლემატიკა და მიდგომები. ამ წლებმა დიდად განაპირობა კორეული თანამედროვე ხელოვნების დღევანდელი სახე.

არტისტერიუმი 2019 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.