კულტურის სამინისტრომ And Then We Danced-ის გუნდს დახმარებაზე ისევ უარი უთხრა

კულტურის სამინისტრომ შვედურ-ქართული დრამის შემოქმედებით ჯგუფს დახმარებაზე უარი უკვე მეორედ უთხრა. 

როგორც ფილმის პროდიუსერი, ქეთი დანელია ფეისბუკზე წერს, სამინსიტროს მათ 4 ბილეთისა და ქართული სასაჩუქრე სუვენირებისთვის მიმართეს, თუმცა უარით გამოისტუმრეს. 

“მეორე უარი კულტურის სამინისტროდან. მეორე უარყოფა. რომ მეუბნებიან რატომ თხოვ რამეს, ხომ იცი რომ მაინც არ მოგცემენ, უფრო მეტად ვბრაზდები. უფრო მეტად მინდება ბრძოლა. არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიიღონ ეს ფილმი, ძალიან პრინციპულია, რომ მიიღონ. ძალიან მეცინება არგუმენტზე – “ეს ხომ არ არის ქართული პროექტი? ხომ შვედეთმა წარადგინა?”.  დიახ, ქართულია! უნდა მიიღონ ეს მოცემულობა, რომ ქართულია! რაც ფილმში ხდება ყველაფერი ქართულია!! საქართველოზეა, თბილისზეა, ჩვენზეა, ჩვენს მეგობრებზეა, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობენ იმ ადამიანებზეა. ჩვენს კულტურაზეა – კულტურის სამინისტროვ. “მანდარინებიც” ესტონეთმა წარადგინა ოსკარზე, მაგრამ დავაფინანსეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი და როგორ. დავაფინანსეთ, მივიღეთ და ძალიან გვიხაროდა ყველას ქართული კინო ოსკარზე”, – წერს ქეთი დანელია. 

აღსანიშნავია, რომ And Then We Danced, რომელიც არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა, შვედეთის სახელით ოსკარზე, უცხოენოვენი ფილმის ნომინაციაზეა გაგზავნილი. 

“ახლა ყველაზე გადამწყვეტი ეტაპია ფილმისთვის – წინასაოსკარე კამპანია. რომელშიც უამრავი შრომა, ენერგია და ფინანსებია ჩადებული. სხვადასხვა ქვეყნებში იმართება სპეციალური ჩვენებები კინოაკადემიის წევრებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ ერთი სეანსის მოწყობაც კი რამხელა რესურსს მოითხოვს, თუნდაც საქართველოში, ჰოდა ასეთი ძალიან ბევრი ჩვენებაა უკვე გაკეთებული მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ბევრი დაგეგმილი. ამ ყველაფერზე არავის ვაწუხებთ, მართლა გაგებით ვეკიდებით. მგონი, 50 ფესტივალზე ვიყავით და არც ერთხელ სამგზავრო გრანტი, ან სხვა აქტივობის დაფინანსება არ მოგვითხოვია. მთელი ამ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ერთადერთი რაც ვითხოვეთ, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენებაზე და მიღებაზე, (სადაც აუცილებლად უნდა იყოს ჯგუფი) 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შეძენა იყო. ახლა, ველოდებით კინოცენტრს, რომელიც ცდილობს თანხა გამოძებნოს”, – წერს ფეისბუკზე ფილმის პროდიუსერი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში  ქეთი დანიელია ამბობდა, რომ კულტურის სამინისტროსთან კანში ჯგუფის გასამგზავრებლად თანხის მიცემაზე ზეპირი შეთანხმება ჰქონდათ, თუმცა, შემდეგ უარი უთხრეს. 

პროდიუსერის თქმით, ამის მიზეზად სამინისტროში განმარტეს, რომ “თანხის გამოყოფასა და ჩარიცხვას” ვეღარ ასწრებდნენ. ის ამბობდა, რომ ფილმის ტრეილერის გამოქვეყნების შემდეგ სამინისტროდან დაურეკეს და ფილმის თემატიკაზე ჰკითხეს. დანელია ამბობდა, რომ სამინისტროს წარმომადგენელი დაინტერესდა, “ნამდვილად ჩოხებში ცეკვავდნენ თუ არა გეი ბიჭები”.