38, 44 — ნესტან ნენე კვინიკაძის ბოლო წიგნი პოსტ თინეიჯერული პერიოდის ტრილოგიდან

დღეს, საღამოს 19:00 საათზე, სტამბის წიგნებში ნესტან ნენე კვინიკაძის ახალი რომანის “38, 44” პრეზენტაცია გაიმართება.

“ლიტერატურა ჩემთვის ყოველთვის თამაში იყო. მე, აქ სათამაშოდ მოვედი, ამიტომ “ვითომ” – მთავარი სიტყვაა ტექსტში”, – ამბობს მწერალი. 

პირველი, რაც ამ წიგნის შესახებ ადამიანებს აინტერესებთ, მისი უცნაური სათაურია. ავტორის თქმით, “38, 44” არის წიგნი მათთვის, ვისაც თამაში უნდა.

“38, 44 ფეხის ზომებს გულისხმობს.  ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი ისტორია, ერთგვარი ნომრების და ციფრების ისტორიაა – დანომრილი სიკვდილმისჯილები, თუ დათვლილი მომიტინგეები. დავიწყებული მთავარი ამბები… სამაგიეროდ, ცნობილი ზედაპირული ცნობები… 38, 44 – იმიტომ, რომ პერსონაჟებს გამუდმებით უთვალთვალებენ და ყველაფერი იციან მათ შესახებ. კიდევ იმიტომ, რომ  ერთ მთავარ სცენაში, ჩვენთვის ძალიან ტრაგიკულ დღეს ქვეყნის მთავარ მოედანზე ათიათასობით ადამიანი კარგავს ფეხსაცმელს. კიდევ იმიტომ, რომ სათაურიც სათამაშო იყოს.

38, 44 – ესაა ერთგვარი წიგნი-ინსტალაცია. 1990-იანი წლების ბოლოდან 2000-ში გარდამავალი თბილისის მდგომარეობის ჩემებური ვერსია. ციტატებით და ალუზიებით უფრო ადრინდელი წლებიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან. საარქივო მასალების, კვლევების, რეალური სახელების და მოგონილი პერსონაჟების თამაში”, – ამბობს ნენე კვინიკაძე. 

წიგნში ერთმანეთის პარალელურად ორი ხაზი ვითარდება – რეალური, სადაც სტუდენტები სწავლობენ, თამბაქოს გამონაბოლქვში ფილმებს უყურებენ, ერთმანეთის სხეულებს შეიცნობენ, სექსუალობას იკვლევენ, და მეორე – “დისიდენტობანას” თამაში: პროკლამაციების გავრცელების გეგმა, ადევნებები, ჩხრეკა, დაჭერები. თუმცა, ამ ორ ხაზს შორის ათობით სხვა ამბავია შეკიდული.

“სადაც სიმძიმეს იგრძნობს მკითხველი, იქვე დახვდება რაღაც, რაც აუცილებლად გააცინებს. რეალურად, ძალიან მინდა, რომ სერიოზულად არაფერი მიიღოთ. მინდა, უფრო ხშირად გაგეცინოთ, ვიდრე მოიწყინოთ. თან იმიტომ, რომ ის უკვე წარსულია, რომელმაც ვერ გაგვტეხა, რეალურად ჩვენ ყველამ ერთად მოვიგეთ ის ბრძოლა”, – ამბობს ავტორი. 

“38,44” თიზერი ?რეჟისორი თამარ შავგულიძეხმის დიზაინი თომა ჩალაძე #გამომცემლობაინტელექტი

Posted by Nestan Nene Kvinikadze on Thursday, October 24, 2019

ნესტან ნენე კვინიკაძის “38, 44” ქვეყნის უახლესი ისტორიის არაორდინარული შეჯამებაა, დრამატიზმით, იუმორით, ტრავმებითა და გაუხარჯავი ენერგიით დამუხტული წიგნი, სადაც ცოცხლებიც და მკვდრებიც საკუთარ თავს ეძებენ.

ამ რომანით მთავრდება ნესტან კვინიკაძის თინეიჯერული და პოსტ თინეიჯერული პერიოდის ტრილოგია – “ისპაჰანის ბულბულები”, “იაგუარების ტექნო” და “38, 44”.