Post Red — პოსტ-პროდუქცია და მისი მომავალი საქართველოში

მანამ, სანამ მაყურებელი ეკრანზე დასრულებულ ფილმს იხილავს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი. მათ შორის კი ერთ-ერთი უმთავრესი პოსტ-პროდუქციაა. 

პოსტ- პროდუქცია ფილმის შექმნისთვის საჭირო მესამე და საბოლოო ეტაპია. უკვე გადაღებულ ფილმს სჭირდება მონტაჟი, ფერის კორექცია, ხმის დიზაინი, მუსიკალური გაფორმება, ვიზუალური ეფექტები, ტიტრები. ასევე საჭიროების შემთხვევაში სხვა ქვეყნებისთვის ე.წ. დაბინგი, რაც სხვადასხვა ენებზე გადახმოვანებას გულისხმობს.

საქართველოში პოსტ-პროდუქციაზე სულ რამდენიმე კომპანია მუშაობს, მათ შორის არის Post Red.

Post Red-ის მუშაობის სპეციფიკასა და პოსტ-პროდუქციის მნიშვნელობაზე კომპანიის დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა გვესაუბრა. 

როგორ არის ჩართული რეჟისორი, პროდიუსერი და ფილმზე მომუშავე სხვა ჯგუფი პოსტ-პროდუქციაში?

პოსტ პროდუქციის ეტაპზე ფილმის დასასრულებლად ბევრი ჯგუფია ჩართული. ხმის შემთხვევაში – ხმის მემონტაჟე, ფოლი არტისტი, ფოლი მიქშერი, დიალოგის მემონტაჟე, ხმის დიზაინერი და ე.წ. რე-რექორდინგ მიქშერი, ვინც ფილმის საბოლოო მიქსს აკეთებს. მუსიკის შემთხვევაში, ფილმზე მუშაობენ კომპოზიტორები, მათი ასისტენტები, უშუალოდ მუსიკოსები და ა.შ. აქვეა ფერზე მომუშავე პროფესიონალი, მემონტაჟე, ვიზუალური ეფექტების პროფესიონალი. რაც მთავარია, ამ პროცესის მართვას პოსტ- პროდუქციის სუპერვაიზერი უწევს ზედამხედველობას. კრეატიულ გადაწყვეტილებებს იღებს რეჟისორი, თუმცა ზოგ პროექტში პროდიუსერებიც არიან აქტიურად ჩართულები.

როგორც ვიცი, საქართველოს კინოკლასტერის ფარგლებში, რომლის წევრი Post Red-იც არის, აქტიურად ცდილობთ ხელი შეუწყოთ პოსტ- პროდუქციის კუთხით ქართველი კინომწარმოებლების ცოდნის გაღრმავებას. 

კინოკლასტერი, რომელიც 2017 წელს ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ი) პროექტის დახმარებით შეიქმნა, საწყისს ეტაპზე პოსტ-პროდუქციის პროფესიონალებს აერთიანებდა, შემდგომ კი მან უკვე კინოწარმოების სხვა მიმართულებების წარმომადგენლებიც მოიცვა.  კინოკლასტერის წევრებმა გაიარეს კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან, რომლებიც დაგვეხმარნენ, კლასტერის მისიის და სტრატეგიის განსაზღვრაში, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასეთი სახის გაერთიანებისათვის. ასევე ევროკავშირის დაფინანსებით მოხდა კინოკლასტერის სხვადასხვა წევრის წარგზავნა საერთაშორისო ტრენინგებზე, რამაც საშუალება მისცა მათ განევითარებინათ უნარები და შემდგომ გაეზიარებინათ ეს ცოდნა სხვა წევრებისთვის. კინოკლასტერის წევრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ბაზრობებში, რამაც ხელი შეუწყო კავშირების გაფართოებას, ახალი კონტაქტების დამყარებას. აუცილებელია, რომ საქართველოში მოხდეს სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება, რადგან ეს არა მხოლოდ უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ ასევე მისცემს ქვეყანას საშუალებას გამოჩნდესკინოწარმოების მსოფლიო რუკაზე. ყოველთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ თეორიული, თუ პრაქტიკული გამოცდილება და ვისწავლოთ ჩვენზე უკეთესი პროფესიონალებისგან, რათა შევძლოთ განვითარება ჩვენს სფეროში.

კინოკლასტერის იდეაც სწორედ ის არის, რომ კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები ერთიანი ხედვისა და მიზნების გარშემო გააერთიანოს და მათი ახალი უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი. კლასტერში თქვენი გაწევრიანების მიზეზიც ეს გახდა?

კინოკლასტერში გაწევრიანების მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ფილმის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები ერთი იდეის გარშემო გავერთიანებულიყავით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინდუსტრიაში არსებობდეს ჩამოყალიბებული სამუშაო ეთიკა, პროფესიონალური დამოკიდებულება საქმის მიმართ. თანაც, როდესაც ქვეყნის გარეთ ელაპარაკები პოტენციურ კლიენტებს და ახსენებ, რომ ხარ პროფესიული კლასტერის წევრი, რომელიც გეხმარება უნარების განვითარებაში, სახელმწიფოსთან დიალოგში და ე.წ. ნეთქვორქის გაზრდაში, ეს უკვე მიუთითებს შენი კომპანიის სერიოზულობაზე და იწვევს ნდობას მთლიანი ინდუსტრიის მიმართ. კინოკლასტერისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტუნარიანი გარემოს მიუხედავად, დააკავშიროს სხვადასხვა პროფესიონალები ერთმანეთთან, რომლებიც ერთიანი ძალებით შემდგომ  ეცდებიან გარკვეული წინაღობების გადალახვას.

რამდენად დიდია პოსტ-პროდუქციის ბაზარი საქართველოში და აკმაყოფილებს თუ არა ყველა მოთხოვნას?  

პოსტ-პროდუქციის ბაზარი ახლა უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საქართველოში. უშუალოდ ჩვენს კომპანიაზე რომ ვისაუბრო, ჩვენი კლიენტების 80% საერთაშორისო ბაზრიდან არიან, ეს კი იმის შედეგია, რომ ჩვენ ენერგია და რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ უშუალოდ წავსულიყავით სხვადასხვა ფესტივალებზე და პირისპირ გაგვეცნო ადამიანები და დაგვეინტერესებინა ჩვენი. საქმიანობით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა ბევრი მუშაობისა და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულების გარეშე. რაც შეეხება პოსტ-პროდუქციის სხვა სფეროებს, გვყავს პროფესიონალი VFX არტისტები, მემონტაჟეები და ა.შ, თუმცა, არის კადრების სიმცირე და ეს არ არის საკმარისი საერთაშორისო ბაზრისთვის., იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ პროფესიებით და მალე საქართველოსაც შეეძლება კინოსერვისების მაქსიმალურად სრული პაკეტი შესთავაზოს ყველა მის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კლიენტს.