ფილმის ყურების დროს მაყურებლისთვის ვიზუალურ მხარესთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ხმასაც, რომელიც საბოლოო ჯამში იმ ატმოსფეროს ქმნის, რის გამოც შეიძლება ფილმმა სამუდამოდ დაიკავოს ადგილი ჩვენს გულებში.
ხმაზე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ფილმებისა და სერიალებისთვის, ერთ-ერთი ვინც თავდაუზოგავად შრომობს ფოლი არტისტია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეს პროფესია ძალიან პოპულარულია, საქართველოში იშვიათად თუ შეხვდებით. ერთ-ერთი ასეთი კი ბიკო გოგალაძეა.
სულ მალე საქართველოს კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” გამოვა. არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი სურათი შვედეთის სახელით ოსკარზე, უცხოენოვენი ფილმის ნომინაციაზეა გაგზავნილი.
გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა. ფილმის ხმის პოსტპროდუქციაზე კი სტუდია Post Red-მა იმუშავა.
სწორედ ბიკო გოგალაძეა ის, ვინც ფილმში მთავარი როლის შემსრულებლების ცეკვებს ახმოვანებს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი ქართველი ფოლი არტისტი თქვენთვის გაგვეცნო.

პირველ რიგში, გვიამბე შენზე და შენი პროფესიის შესახებ. მოგვიყევი რომელ ფილმებზე მუშაობდი
ჩემი პროფესია ძალიან საინტერესა. ძალიან მაგარია, როცა თავად გრძნობ, როგორ იზრდები და ვითარდები ყოველდღიურად, ეს საქმე საშუალებას მაძლევს, უამრავი ახალი ნიუანსი შევმატო ჩემს არსებულ ცოდნას თითოეული პროექტიდან. ეს არის საქმე, რომელიც არასდროს გახდება მოსაბეზრებელი, რადგან ყოველ დღე იქმნება რაღაც ახალი. საკმაოდ ბევრ ფილმზე მაქვს ნამუშევარი, მათ შორისაა შინდისი, და ჩვენ ვიცეკვეთ, სოვდაგარი და ა.შ.
რამდენად გავრცელებულია საქართველოში ფოლიარტისტის პროფესია?
საქართველოში ფოლი არა თუ არაა გავრცელებული, არამედ პოსტ რედი ფაქტობრივად ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ამ სერვისს სთავაზობს. ამ ეტაპზე მე არ ვიცნობ სხვა მოქმედ ფოლი არტისტს საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოლი არტისტი ჯონ რაში თავად ამბობს, რომ იმდენად ცოტანი ვართ, რომ ასტრონავტიც კი უფრო მეტია მსოფლიოში, ვიდრე ჩვენი პროფესიის ადამიანი.
რა სირთულეები ახლავს შენს პროფესიას?
ამ პროფესიას უამრავი სირთულე ახლავს თან, პირველ რიგში ის, რომ საჭროა მუდმივად ტონუსში ყოფნა, არ უნდა გაიპაროს არც ერთი შეცდომა, არც ერთი წვრილმანი, ამისთვის კი თითქმის სულ დაძაბული უნდა იყოს სმენა. იმისათვის, რომ ხმა ავთენტური იყოს, ცხადია, ძალიან რთულია ზუსტად იმ მასალის, იმ ნივთების მოძიება, რომელსაც კადრში ვხედავთ, ამიტომ დიდი ბრეინშტორმინგია საჭირო, იმისათვის, რომ მივიღოთ მაქსიმალურად ბუნებრივი ხმა.
როგორი იყო ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ” მუშაობის პროცესი და რა გამოწვევების წინაშე იდექით მუშაობის პროცესში?
“და ჩვენ ვიცეკვეთ” თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი იყო გამომდინარე იქიდან, რომ პირველი პროფესიით სწორედ მოცეკვავე ვარ. პირველად მოხდა ისე, რომ ჩემი ორივე პროფესია გამოვიყენე ამ პროექტზე მუშაობისას და ეს იყო ძალიან მაგარი შეგრძნება, თუმცა ძალიან რთული და სპეციფიკური, ცეკვის სინქრონში ჩაწერა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროექტზე მუშაობისას.

რომელი, რისი ხმაა ყველაზე რთული გასაკეთებელი?
რთულია ასე ცალსახად თქმა, რისი ხმაა ყველაზე რთული გასაკეთებელი იმიტომ, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალ სირთულეებს ვაწყდებით, ამ დროს ისიცაა გასათვალისწინებელი, რა მატერიალი გაქვს ხელთ, ხმის გასაკეთებლად. მაგალითად, რთულია გაახმოვანო ფინჯანი, როცა არ გაქვს ეს კონკრეტული ნივთი, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ასე კონკრეტულად თქმა, რომ რაღაც რთული გასაკეთებელია. ყოველთვის მოიძებნება რაღაც პატარა ხრიკი, რომელიც ახალი ხმის აღმოჩენის საშუალებას მოგცემს.
რას ნიშნავს პირადად შენთვის და ზოგადად კომპანიისთვის ასეთ წარმატებულ ფილმზე მუშაობა?
რა თქმა უნდა, ეს არ არის პირადად ჩემი ან ამ კომპანიაში დასაქმებული რომელიმე კონკრეტული ადამიანის წარმატება. ესაა ერთობლივი ძალიან დიდი და თავდაუზოგავი შრომისა და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის შედეგი. ძალიან ვამაყობთ ყველა, რომ ჩვენი წვლილიცაა ფილმში, რომელმაც ასეთი წარმატება მოიპოვა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
სამომავლო გეგმები და მოლოდინები
რა თქმა უნდა, პოსტ რედი არ აპირებს გაჩერებას. სამომავლოდ უფრო მეტ და უფრო ფართომასშტაბიან პროექტებზე ვიმუშავებთ, რაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო განვითარების საშუალებას მომცემს.