თეო ხატიაშვილის TOP 12 ქართული ფილმი

ასეთი სიები ყოველთვის გარკვეულ პირობითობებს ეყრდნობა. ძალიან ბევრი ვიფიქრე – რომელი ჩამესვა, რომელი ამომეღო. საბოლოოდ შევეცადე, სხვადასხვა დროის, სტილისა და ინდივიდუალური ნიშნებით გამორჩეული ფილმები შემეკრიბა, რომლის ინვარიაციებიც შესაძლებელია.

1. ჩემი ბებია (1929), კოტე მიქაბერიძე

დადას “სითავხედითა” და აბსურდულობით, კონსტრუქტივიზმის მინიმალიზმით ეს ფილმი ავანგარდული კინოს საუკეთესო ნიმუშებს შორის იკავებს ადგილს.

2. ლურსმანი ჩექმაში (1931), მიხეილ კალატოზიშვილი

თავის დროზე საბჭოთა ცენზურის მიერ დაწუნებული და დღესდღეისობით ჯერ კიდევ არასაკმარისად დაფასებული ფილმი, რომელიც კალატოზიშვილისეული მეტყველ ექსპრესიათა და დრამატურგიით არის შექმნილი.

3. ალავერდობა (1962), გიორგი შენგელაია

მეინსტრიმთან და შეჩერებულობასთან დაპირისპირების ლირიკული და მეამბოხე ფილმი.

4. დიდი მწვანე ველი (1967), მერაბ კოკოჩაშვილი

არქაული იერ-სახეების მსგავსად თან ძალიან მარტივი, გასაგები და თან ბოლომდე ამოუცნობი შთამბეჭდავი ფილმი.

5. ქოლგა (1969), მიხეილ კობახიძე

პოეტური, მინიმალისტური, გამჭვირვალე.

6. იყო შაშვი მგალობელი (1970), ოთარ იოსელიანი

ვალსის ჰაეროვანი და მსუბუქი მუსიკასავით აწყობილი რეჟისურით დანახული სურათი ადამიანის ცხოვრების აზრსა თუ პირიქით – უაზრობაზე.

7. ერთი ნახვით შეყვარება (1975), რეზო ესაძე

ძველი თბილისივით ფერადოვანი და ცოცხალი ფილმი სიყვარულზე, თინეიჯერულ იმედგაცრუებასა და კიდევ ბევრ სხვა რამეზე.

8. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978), ლანა ღოღობერიძე

თანამედროვე სამყაროს კალეიდოსკოპური რიტმით ასახული “მრავალსახეობა ქალისა”, რომელიც საბოლოოდ ერთ ქალს/საერთო პრობლემას რეპრეზენტირებს.

9. გზა შინისაკენ (1981), ალექსანდრე რეხვიაშვილი

ძუნწი ხერხებითა და მეტყველი პლასტიკით შექმნილი მეტაფორა (ჭეშმარიტების) ძიებასა და დაბრუნების შეუძლებლობაზე.

10. ანემია (1987), ტატო კოტეტიშვილი

თაობებსა და მსოფლმხედველობებს შორის დაპირისპირების/შეჯახების რომანტიკული და ამავე დროს ძალიან კონკრეტული მანიფესტი.

11. აშიკ-ქერიბი (1989), სერგო ფარაჯანოვი

ფერის, ფაქტურისა და ხმის მაჟორული ანარქია და ზეიმი.

12. ჩემი ბედნიერი ოჯახი (2017), ნანა ექვთიმიშვილი/სიმონ გროსი

სრულიად ორდინარული ისტორია ორდინარული გმირებითა და ორდინარული გარემოთი, ფილმი ქალის იდენტიფიკაციაზე – იმაზე, რაც “შესაძლებელია და ისე, რომ ეს შესაძლებელია”.