ყურადღება: სტატია შეიცავს სერიალ „მანდალორელის“ პირველი ეპიზოდის სპოილერს.
გახსოვთ Rogue One: A Star Wars Story-ს დასასრული? ბნელში წითელი სინათლის მახვილი რომ ინთება და ამბოხებულთა განადგურებული ფლოტის უკანასკნელი ხომალდის ეკიპაჟის ჟლეტის საოცარი სცენა იწყება? ალბათ თქვენი წამიერი გაოგნებაც გემახსოვრებათ და ისიც, რამდენიმე სანტიმეტრით ჰაერში რომ აიწიეთ. დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა სერიალ „მანდალორელის“ პირველი ეპიზოდის ფინალშიც, როდესაც მთავარმა გმირმა მომცრო კაფსულა გახსნა და შიგნით, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვილი იოდა აღმოაჩინა.
თუმცა ნუ ვიჩქარებთ და ამ არსებას ჯერ ნუ ვუწოდებთ იოდას, რადგან მის ვინაობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია არსებობს და კიდევ დიდხანს იარსებებს – სულ მცირე, 27 დეკემბრამდე მაინც, როდესაც პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდს ვნახავთ.
პირველსაც და ბოლო ეპიზოდსაც ჩვენ მეკობრულ საიტებზე ვუყურებთ, მაგრამ ამერიკის, კანადის, ჰოლანდიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და პუერტო რიკოს მოსახლეობა, რომლებსაც მარტიდან ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნის მაყურებელი შეუერთდება, პედრო პასკალის მანდალორელის თავგადასავალს ახალ სამაუწყებლო არხ Disney+-ზე ნახავენ. არხი 12 ნოემბრიდან გაეშვა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისედაც გიგანტური „დისნი“ გასართობი ინდუსტრიის მონსტრად იქცა.
Disney+-ის კონტენტი უხვი, ულევი, დიდებულია და მოიცავს თავად „დისნის“, „პიქსარის“, „ნეშენელ ჯეოგრაფიკის“, „მარველისა“ და, რაღა თქმა უნდა, „ვარსკვლავური ომების“ სრულ პროდუქციას (მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს). ეს არის ერთგვარი საბადო, რომელიც კომპანიამ წლების განმავლობაში შექმნა, მოიხვეჭა, შეიძინა და მომავალშიც უამრავი ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორისაა, „ვარსკვლავური ომებისა“ და „მარველის“ უკვე დაანონსებული სატელევიზიო შოუები: სერიალები ობი-ვან კენობის, კასიან ანდორის, ფალკონისა და ვინთერ სოლჯერის, სკარლეტ ვიჩისა და ვიჟენის შესახებ და ა.შ. მოკლედ, გეგმა საკმაოდ ვრცელი და ხანგრძლივ დროზეა გათვლილი, უკვე წარმოებაში ჩაშვებული პროექტების დასრულებისას კი, იმედია, Disney+ ოფიციალურად ჩვენთანაც შემოვა. ოდესღაც ხომ „ნეტფლიქსიც“ არ გვქონდა…
„მანდალორელს“ დავუბრუნდეთ.
„მანდალორელი“ „აირონმენის“ რეჟისორ ჯონ ფავროს პროექტია, რეჟისორი კი „ვარსკვლავური ომების“ ფანების მიერ ლამის ახალ ჯორკ ლუკასად შერაცხული დეივ ფილონია. სწორედ ეს ადამიანია ამ სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო კონტენტის, ანიმაციურ სერიალ „კლონთა ომებისა“ და “ამბოხებულთა“ შემქმნელი, რომლებმაც „ვარსკვლავური ომები“ ფილმების გარეთ გაიტანეს და უფრო თვალსაჩინოდ დაგვანახეს, თუ რამდენად ვრცელი და საოცარია ჯორჯ ლუკასის მიერ შექმნილი ამბავი.
შეიძლება ითქვას, რომ ფავრო-ფილონის დუეტმა ჩინებული გათვლა გააკეთა, რადგან „ვარსკვლავური ომების“ ფანბეიზისთვის მანდალორელების თემა ერთ-ერთი უსაყვარლესი მიმართულებაა. ისინი უკიდურესად იდუმალი, უშიშარი მებრძოლები და უძველესი ხალხია. მათი ისტორია და კულტურა უხსოვარი დროიდან იწყება, ყველა წყაროში კი ჯედაების დაუძინებელ მტრებად არიან მოხსენებული. მეტიც, ოდითგან სწორედ მანდალორელებს ეკუთვნოდა ლეგენდარული შავი სინათლის მახვილი დარქსეიბერი, რომელმაც იმაზე მეტი ჯედაი იმსხვერპლა, ვიდრე ეს ბრძანება 66-ის შესრულებისას მოხდა. თუმცა მანდალორელების ისტორიაში ჯედაებთან დაზავების პერიოდებიც ყოფილა, რაც საუკეთესოდაა აღწერილი ზემოთ ნახსენებ „კლონთა ომებში“. ისინი ე.წ. ახალი მანდალორელები არიან, რომლებიც პაციფისტური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ, რასაც მათი ლიდერი, ჰერცოგინია სატინ კრიზი შეეწირა კიდეც (დარტ მოლის მიერ მისი მკვლელობის სცენა წარმოუდგენლად ემოციურია, რის გამოც (და არა მხოლოდ ამის გამო), წლების შემდეგ, სატინზე შეყვარებული ობი-ვან კენობი, შურს იძიებს).
როდესაც ჯედაებს არ ხოცავენ, მანდალორელები დაქირავებული მეომრები არიან ან ე.წ. თავებზე მონადირეობით იქცევენ თავს. სწორედ ამ საქმითაა დაკავებული ყველაზე ცნობილი მანდალორელი ბობა ფეტი, დარტ ვეიდერის მიერ დაქირავებული თავებზე მონადირე, რომელიც ბესპინზე ლანდო კარლიჟენთან სტუმრობისას ჰან სოლოს შეიპყრობს და კარბონიტის ტყვეობაში მოაქცევს. ასევე მნიშვნელოვანი ფიგურაა ბობას „მამა“ ჯანგო ფეტი. ის პირველად მეორე ეპიზოდში გამოჩნდება და ვიგებთ, რომ პლანეტა კამინოზე არსებულ ლაბორატორიაში გამრავლებული კლონები სწორედ მისი დნმ-ს მიხედვით არიან შექმნილი (ისევე, როგორც ბობა, რომელსაც შვილივით ზრდის).
თავებზე მონადირეა „მანდალორელის“ უსახელო მთავარი გმირიც. მას, არც მეტი, არც ნაკლები, ვერნერ ჰერცოგის პერსონაჟი 50 წლის სამიზნის შესაპყრობად ქირაობს. პირველ ეპიზოდში განვითარებული მცირე თავგადასავლის შემდეგ, მანდალორელი „შეკვეთას“ პოულობს, რომელიც ბავშვის საწოლში წევს, ჩვილის ზომისაა, მწვანეა და დიდი ყურები აქვს… ასეთი არსება „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში მხოლოდ ორჯერ გვყავს ნანახი: ოსტატი ჯედაი, ჯედაების საბჭოს წევრი იადლი (ის რამდენიმე წამით ჩანს პირველ ეპიზოდში) და, რაღა თქმა უნდა, უმაღლესი ოსტატი იოდა.
ზუსტად ვერ გეტყვით, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ცხარედ რომელ პოლიტიკურ მოვლენას განიხილავენ, მაგრამ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი „მანდალორელის“ პირველი ეპიზოდის გამაოგნებელ დასასრულზე რომ ბჭობს, ეს ნამდვილად ვიცით. ინტერნეტი სავსეა ვარაუდებითა და ეჭვებით, მაგრამ არც ერთის რწმუნება არ შეიძლება, რადგან, „ვარსკვლავური ომების“ შემთხვევში, ყველაზე რთული სწორედ მოსალოდნელი მოვლენების ამოცნობაა. ეს შეიძლება იყოს იოდას კლონი, რაც ამ სამყაროში თითების გატკაცუნებასავით ადვილია ან, თუ გავართულებთ, მაშინ, იმავე ექსპერიმენტის შედეგად მიღებული არსებაა, რომელმაც ოდესღაც იოდა შვა.
ახალი იოდას მოვლინების აუცილებლობა კი ალბათ იმიტომაც დადგა, რომ ეს სამყარო იმპერიაზე არანაკლები ბოროტება „პირველი ორდენის“ აღზევების მოლოდინშია. ეს კი პალპატინის მეორედ მოსვლასაც განაპირობებს (ალბათ გახსოვთ, რომ მეცხრე ეპიზოდში პალპატინი გვიბრუნდება). სავარაუდო მომავლის განჭვრეტა აქ არასდროს უჭირდათ. მაგალითად, ანაკინ სკაიუოკერის დაბადებამდე იყო დაწერილი, რომ მალე რჩეული უნდა შობილიყო. შესაბამისად, ისიც იციან, რომ მალე ძალის ბნელი მხარე კიდევ ერთხელ დაბრუნდება და სათავეში განსაკუთრებით ძლიერი სითი ჩაუდგება. მასთან დასაპირისპირებლად კი ასეთივე განსაკუთრებული ძალის მქონე ჯედაია საჭირო. ხოლო თუ მესამე ეპიზოდის ბოლოს, პალპატინისა და იოდას დიდებული ბრძოლის სცენას გავიხსენებთ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სითთა ლორდს მხოლოდ ეს უმანკო ჩვილი თუ დაუპირისპირდება – თუმცა კი მრავალი წლის შემდეგ…